საფრანგეთში საქართველოს ელჩი: "ევროპულ გეზს ვემსახურები, სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე"
07/03/2023 18:41:04 პოლიტიკა
ევროპულ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე,– ამის შესახებ საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული გეოგრაფიული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები, არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია, არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული და იდენტობა. ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი.წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. ეს მისია მაქვს განსაზღვრული და ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე",– ვკითხულობთ ელჩის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო "აგენტების" შესახებ კანონპროექტები, რომელთაც აკრიტიკებენ ქვეყნის შიგნით, ასევე აკრიტიკებენ ქვეყნის პარტნიორები. რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებებს იყენებენ.


