საქართველოს "დერადიკალიზაცია" - კობახიძე დაუფარავად პუტინისტური ტერმინოლოგიით ალაპარაკდა
07/03/2023 19:16:17 პოლიტიკა
საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს საღამოს არა მარტო ამართლებდა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ქვეყნის კონსტიტუციისა და საპარლამენტო რეგლამენტის დარღვევას, მოსახლეობის 85%-ის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის საწინააღმდეგო მოქმედებასა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მიმართ სპეცზომების გამოყენებას, არა მარტო აგრძელებდა პროპაგანდისტულ საქმიანობას, რომლითაც რეალობის აყირავებას ცდილობდა, არამედ უკვე უშუალოდ პუტინის ტერმინოლოგიით საუბარზე გადავიდა და საქართველოს "დერადიკალიზაციაზე" ალაპარაკდა.
"ქვეყნის ევროპულ კურსთან კანონპროექტის დაკავშირება არის ყველაზე დიდი დეზინფორმაცია, რაც კი ამ დღეებში გაჟღერდა. ევროპა ნიშნავს სწორედ გამჭვირვალობას და დერადიკალიზაციას, რასაც ჩვენ მიერ მიღებული კანონპროექტი ემსახურება. ჩვენ აუცილებლად ვივლით წინ, ევროპისკენ და ამას გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით. როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი დაუყოვნებლივ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც სამართლებრივ დასკვნას სავარაუდოდ ივნისის პირველ ნახევარში მივიღებთ. დღეს ვრცელდებოდა ამაზეც დეზინფორმაცია, თითქოს საბოლოოდ იყო მიღებული ეს კანონპროექტი ჩვენ მიერ. სინამდვილეში მინიმუმ სამი თვე დასჭირდება ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღებას. ამის შემდეგ გაგრძელდება დისკუსია და საბოლოო ჯამში, ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მივიღებთ ამ კანონპროექტს“, – განაცხადა კობახიძემ.
ამჟამად პარლამენტთან დაძაბული ვითარებაა. რუსთაველის გამზირზე ათასობით მოქალაქე მას შემდეგ შეიკრიბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებენ წყლის ჭავლსა და ე.წ. წიწაკის სპრეის.
საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ, მათ შორის აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
"სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მისი შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს, ასევე საკვანძო საკითხია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და წარმოადგენს 12 კრიტერიუმის ნაწილს", – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა 21 თებრვალს.


