პრაისი: "მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად"
07/03/2023 19:43:45 პოლიტიკა
"მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად" -ასე ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი თბილისში მიმდინარე მოვლენებს.
„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში ბოლო საათის მოვლენებს. ვხედავთ ცნობებს, რომლებიც თბილისიდან მოდის, რომლის თანახმადაც, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები გამოიყენეს ე.წ. "უცხოური აგენტების" წინააღმდეგ პროტესტის ჩასახშობად. ჩვენი გზავნილი საქართველოს ხალხის, მთავრობის, მთელი მსოფლიოს მოსახლოებისა და მთავრობებისადმი არის, რომ აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავის უნივერსალურ უფლებებს. მსოფლიოს მოსახლეობის უნივერსალური უფლებაა შეკრება, რომ მათი ხმები გაიგონ, თავისუფლად საუბარი, მათი მთავრობებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრება. გავაგრძელებთ საქართველოში ადგილზე სიტუაციის მონიტორინგს, თუმცა ჩვენი გზავნილია, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად. ეს არის საქართველოს მოსახლეობის უფლება, ეს არის მსოფლიოში ყველა ქვეყნის მოსახლეობის უფლება“, - განაცხადა ნედ პრაისმა.
მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ აშშ-ს აქვს არაერთი ბერკეტი, რომელიც შესაძლებელს ხდის პასუხისმგებლობა დააკისროს ყველა პირს, ვინც ადამინიას უნივერსალურ უფლებებს ზღუდავს:
„როგორც იცით, მე არ ვსაუბრობ კონკრეტულ ინდივიდებზე, ვინც შეიძლება, გახდნენ აშშ-ის მთავრობის მხრიდან სანქცირებულნი, მაგრამ ჩვენ არაერთი ბერკეტი გვაქვს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას პასუხი მოვთხოვოთ ნებისმიერ პირს მსოფლიოს გარშემო, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უნივერსალური უფლებების შეზღუდვაზე. ძალიან ბევრი ნორმაა, რომელიც გაწერილია სხვადასხვა კანონსა და განკარგულებებში, რომლებსაც ამ კონტექსტში ისევე ,როგორც ნებისმიერ სხვა კონტექსტში, მხედველობაში მივიღებთ, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ქართველი ხალხის სურვილს და იმას, რასაც ქართველი ხალხი ელის და იმსახურებს საკუთარი უნივერსალური უფლებების ფარგლებში“.
რუსთაველის გამზირზე ათასობით მოქალაქე მას შემდეგ შეიკრიბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებენ წყლის ჭავლსა და ე.წ. წიწაკის სპრეის.


