ქეთი დუმბაძე ამბობს, რომ მხარი დაუჭირა "უცხოეთის აგენტების" კანონს და ტექნიკური ხარვეზის გამო არ აისახა მისი ხმა
07/03/2023 20:54:16 პოლიტიკა
დეპუტატი ქეთი დუმბაძე "ქართული ოცნებიდან" ამბობს, რომ მან მხარი დაუჭირა "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ აისახა მისი ხმა მხარდამჭერებს შორის.
„გადაწყვეტილება გუნდის სასარგებლოდ მივიღე. ტექნიკური ხარვეზი იყო იმიტომ, რომ, მე, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება გუნდის სასარგებლოდ მივიღე“, – დუმბაძის ამ კომენტარს ავრცელებს „POSTV" და აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ არასწორად გაავრცელა ინფორმაცია კენჭისყრის შედეგების შესახებ.
"ტექნიკური გაურკვევლობით" ახსნა კენჭისყრის შედეგები ამავე მედიასთან კიდევ ერთმა დეპუტატმა, ირაკლი მეძმარიაშვილმა, რომელიც ასევე ამბობს, რომ მხარი დაუჭირა კანონპროექტს "უცხოეთის აგენტების შესახებ."
"უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტს მმართველი პარტიის 76 დეპუტატმა მისცა ხმა. "ქართული ოცნების" ისეთი წევრები, ვინც დარბაზში იყო და მხარი არ დაუჭირა ამ კანონს, პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, იყო სულ ოთხი.


