Accentnews.ge
აფხაზური დე ფაქტო საგარეო უწყება „აქცენტის“ ინფორმაციას გამოეხმაურა

აფხაზური დე ფაქტო საგარეო უწყება „აქცენტის“ ინფორმაციას გამოეხმაურა

27/02/2019 15:58:16 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საინფორმაციო სააგენტო „აქცენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ შოტლანდიურ კილმარნოკში სადავო მემორიალის გვერდით დამატებითი საინფორმაციო დაფის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს სამომავლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან "დააზუსტებს".

„ეს ინფორმაცია მედიიდან მივიღეთ. რეალურად, აფხაზურ მხარესთან ეს საკითხები არავის შეუთანხმებია, ანუ, კილმარნოკის მერია არ დაჰკავშირებია არც აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც რომელიმე სხვა სახელმწიფო სტრუქტურას, რათა თავისი მოქმედებები შეეთანხმებინა. რაც შეეხება ამ ახალ წარწერას, იგი, პრინციპში, შეიძლება, ითქვას, ფრთხილი ხასიათისაა. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის მემორიალი, რომელიც თავის დროზე კილმარნოკში განთავსდა, პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული“,– განუცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ „ეხო კავკაზას“ „აქცენტის“ მიერგავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.

რაც შეეხება აფხაზური საგარეო უწყების სამომავლო მოქმედებას, როგორც ტუჟბამ აღნიშნა, საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან "დაზუსტდება".

„როგორც იცით, ჩვენ, სამწუხაროდ, ევროპულ ხელისუფლებებთან, მათ შორის კილმარნოკის ადმინისტრაციასთან პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, ამიტომაც იძულებულები ვართ, გამოვიყენოთ იმ ევროპელი კოლეგების დახმარება, რომლებთანაც პირდაპირი ურთიერთობების საშუალება გვეძლევა“ - განმარტა მან.

შოტლანდიური ისტ–ერშირის საბჭომ დედაქალაქ კილმარნოკის პარკში აფხაზთა მემორიალის გვერდით საინფორმაციო დაფა განათავსა. კერძოდ, როგორც „აქცენტს“ ისტ–ერშირის საბჭოს მმართველმა ოფიცერმა დევიდ მიტჩელმა განუცხადა, „ყველა მხარესთან შეთანხმებით საბჭომ მემორიალი მასზე დატანილი სიტყვათა წყობის ყოველგვარი ცვლილებების გარეშე პირვანდელ ადგილზე აღადგინა და მის გვერდით საინფორმაციო დაფა განათავსა შემდეგი წარწერით:

„ეს მომორიალი აღიმართა კილმარნოკისა და ლაუდაუნის რეგიონის საბჭოს მიერ იმ პირთა ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც 1992-93 წლებში კავკასიაში მომხდარ ომს ემსხვერპლნენ. რეგიონში გადაუჭრელი კონფლიქტები დღემდე არსებობს. ჩვენი ქალაქი სოხუმს ომის დროს დაუმეგობრდა. ამგვარად, ჩვენ – კილმარნოკის მაცხოვრებლები, ამ გადაუჭრელ კონფლიქტთან არაპირდაპირ ვართ დაკავშირებულები. 2017 წელს მემორიალი დავის საგანი გახდა რიგი ადამიანებისთვის, რომლებიც კონფლიქტით და ომის შედეგებით დაზარალდნენ. მემორიალი შეიცავს სიმბოლოებს და სიტყვათა ისეთ წყობას, რომელიც არ ასახავს რომელიმე მხარის ხედვებს. ის არ ასახავს პოლიტიკურ განცხადებას. მემორიალი დგას აქ ყველა იმ ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც ომს ემსვერპლნენ. ის ცალსახად ხსოვნისა და თანაგრძნობის გამომხატველია ყველა იმ სოხუმელი ოჯახის მიმართ, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები, სამოქალაქო პირები ან მებრძოლები, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა და პოლიტიკური პოზიციისა. მოველით იმ დროს, როდესაც მხარეები კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად ურთიერთშეთანხმებულ კურსს იპოვიან“.

ცნობისთვის: მემორიალი კილმარნოკში 1990-იანი წლებიდან დგას. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ძეგლის არსებობის შესახებ 2017 წლის ნოემბერში შეიტყო. დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა ოფიციალურ ლონდონს თავისი პროტესტი გაუგზავნა. მას დაეთანხმნენ და მემორიალის დროებით აღების გადაწყვეტილება მიიღეს.

მაშინ მემორიალის დემონტაჟის გადაწყვეტილებას სოხუმი მწვავე რეაქციით შეხვდა, რაც გასაკვირი არცაა. თუმცა ამ ნაბიჯისთვის საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს სამშვიდობო პროცესებში ჩართულმა ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმაც.

2017 წლის 9 ნოემებრს თამარ ბერუჩაშვილი აცხადებდა, რომ ოქტომბერში განხორციელებული ვიზიტის დროს ის ესაუბრა შოტლანდიის ხელისუფლებას და „მიიღო შეპირება, რომ შოტლანდიის ხელისუფლება დაელაპარაკებოდა ადგილობრივ მთავრობას ქალაქ კილმარნოკში, განუმარტავდა სიტუაციას“. „მათ გაიზიარეს ის მიდგომა, რაც ზოგადად აქვს ბრიტანულ სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით და ადგილობრივმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ამ მონუმენტის დემონტაჟის შესახებ. ეს არის ნამდვილად კარგი შედეგი“, – აცხადებდა ბერუჩაშვილი.

კრიტიკის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ახალი განცხადებები გააკეთა. კერძოდ, 16 ნოემბერს დავით დონდუამ, რომელიც იმჟამად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, უარყო, რომ ქართველი დიპლომატების მიზანი მემორიალის სამუდამოდ აღება იყო.

„უბრალოდ ჩვენ მივუთითეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ეს მემორიალი შეიცავდა პოლიტიზირებულ სიმბოლიკას და არ იყო შესაბამისობაში იმ პოლიტიკასთან, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

მან დასძინა, რომ „არავის მოსვლია აზრად, მომხდარიყო ამ მემორიალის დანრგრევა ან დემონტაჟი“.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა კი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, კილმარნოკში აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი კვლავ უნდა განთავსდეს და რომ აუცილებელია, პროცესში ქართველი და აფხაზი სპეციალისტები ჩაერთონ:

"აფხაზეთში 1992-1993 წლის საომარი მოქმედებებისას, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, საუბედუროდ, დაიღუპა ათასობით ადამიანი, ქართველები და აფხაზები. [...] ეს ჩვენი საერთო ტრაგედია და ტკივილია და ყველას ერთნაირად გვტკივა. სწორედ იმისათვის, რომ აღარასდროს დავუშვათ სისხლისღვრა, ომი, დაპირისპირება, რომელიც თანაბრად გვაზარალებს და იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი, ჩვენ უნდა წავიდეთ შერიგების გზით. შერიგება კი, პირველ რიგში, ერთმანეთთან მისასვლელი გზების აღდგენას, ნდობის დაბრუნებას, ურთიერთგაგებას, მათ შორის ერთმანეთის ტკივილის პატივისცემას გულისხმობს. ამიტომ მიმაჩნია, რომ კვლავ უნდა განთავსდეს კილმანროკში მემორიალი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი პირობა აქვს კილმანროკის ადგილობრივი ხელისუფლებისგან. დარწმუნებული ვარ, შესაძელებლია იმ ფორმის მოძებნა, რომელიც ამ საერთო ტკივილს გამოხატავს და რაც ყველა მხარისათვის, რომელიც ტკივილს განიცდის, მისაღები იქნება. ამ საკითხში მზად ვართ ბრიტანულ მხარესთან თანამშრომლობისთვის. მეტიც, მიმაჩნია რომ პროცესში შესაძლებელია ქართველი და აფხაზი სპეციალისტების ჩართვა და თანამშრომლობა".

მოგვიანებით საბჭომ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, მემორიალი პირვანდელ ადგილზე ყოველგვარი ცვლილების გარეშე აღედგინა და პარალელურად იწვევდა ყველა მხარეს, „ჩართულიყვნენ შედეგზე ორიენტირებულ დიალოგში მემორიალის წარწერის ყველა მხარისთვის მისაღები სიტყვათა წყობისა და შინაარსის შესამუშავებლად“.

/მარიკა ჩუბინიძე

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S