კობახიძე: "2012-მდე ენმ-ს დავალებით სამართალდამცავები ძალადობდნენ, გუშინ კი მომიტინგეები"
08/03/2023 07:29:44 პოლიტიკა
მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 7 მარტის ღამეს თბილისში განვითარებული მოვლენები ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი ნაწილისთვის "უსიამოვნო სანახავი" იყო.
"რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცავებზე. თუ 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის დავალებით სამართალდამცავები ძალადობდნენ მომიტინგეებზე და სახალხო დამცველზე, გუშინ იმავე ნაციონალური მოძრაობის დავალებით მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და სახალხო დამცველზე. ეს ფაქტი კიდევ გვარწმუნებს, რომ ეს ადამიანები არასდროს შეიცვლიან საკუთარ ბუნებას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი - ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში", - თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, "რადიკალურმა ოპოზიციამ" და "მათმა მედიასაშუალებებმა" საზოგადოების დიდი ნაწილი დაარწმუნა, რომ "პარლამენტის მიღებული ამერიკული კანონი იყო რუსული":
"მნიშვნელოვანია, ვინც გუშინ უხეშად არღვევდა კანონს და ძალადობდა მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. გამოვთქვამთ წუხილს თითოეული მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ, რომელმაც თუნდაც უმნიშვნელო დაზიანება მიიღო. მადლობას ვუხდი ყველა პოლიციელს და სამართალდამცავს მოთმინებისთვის და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის".
მისი თქმით, „საბოლოოდ, ვნებათაღელვა ჩაცხრება და საზოგადოებას შედეგად დარჩება არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობა, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უზრუნველყოფს. საზოგადოებას ზუსტად ეცოდინება, ვისი დაფინანსებით გაიმართა ბაკურიანის შეკრება, ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, ვისი დაფინანსებით წარმოებს მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგო ბოლშევიკური პროპაგანდა, ვისი დაფინანსებით ფერხდება ქვეყნის ენერგეტიკული განვითარება და სხვა“.
კობახიძე, მიუხედავად ევროკავშირის ცალსახა განცხადებებისა, კვლავ ირწმუნება, რომ „ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან“:
„თუ ჩვენ სახელმწიფოს არ დავიცავთ ჯაშუშების გეგმებისგან, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, არამედ სუვერენიტეტსაც დავკარგავთ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ცალ ფეხზე სიარულით, ევროკავშირში ვერასოდეს შევალთ.
როდესაც ხელისუფლების მიერ ევროპული ინსტიტუტების პატივისცემაზეა საუბარი, გვინდა შეგახსენოთ, რომ დაპირებისამებრ, ჩვენ უკვე გავაგზავნეთ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად და შესაბამისად, მისი განხილვა მხოლოდ რამდენიმე თვეში, ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების შემდეგ გაგრძელდება. აქედან ჩანს, თუ სინამდვილეში რამდენად უსაფუძვლოა წუხილი, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირდება.
საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს და 90 პროცენტზე მეტი ნდობას უცხადებს მართლმადიდებელ ეკლესიას. აქედან ცხადად ჩანს, რომ ეკლესიის მაგინებლები ვერასოდეს შეიყვანენ საქართველოს ევროკავშირში. ჩვენ ვივლით წინ ქრისტიანობით ევროპისკენ! ჩვენ ვივლით წინ სუვერენიტეტით ევროპისკენ! ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ!“
7 მარტს "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო "აგენტების" შესახებ კანონპროექტი. პარლამენტთან მასშტაბური აქცია გაიმართა. შსს-მ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, "წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი გამოიყენა.
15:00 საათზე პარლამენტთან აქციაა დაგეგმილი.


