"აგენტების შესახებ" კანონი საქართველოში დემოკრატიის მომავალზე კითხვებს აჩენს - ბალტიის ქვეყნები
08/03/2023 08:56:30 პოლიტიკა
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროები აცხადებენ, რომ "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის პირველი მოსმენით მიღება საქართველოში დემოკრატიის მომავლის შესახებ კითხვებს აჩენს.
ბალტიის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, "თავი შეიკავონ იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს".
მათ ასევე მოუწოდეს ხელისუფლებას, დაიცვას ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლება.
„საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება საქართველოში დემოკრატიის მომავალთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებას, იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირისა და NATO-სკენ მიემართება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცენ ქართველი ხალხის თავისუფალი პროტესტის უფლებას.“ - წერია საერთო განცხადებაში.


