დღეს საქართველოს ათ ქალაქში მარშები "ქალები - ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ" გაიმართება
08/03/2023 11:24:20 პოლიტიკა
დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს საქართველოს ათ ქალაქში ე.წ. უცხოური ზეგავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ ქალთა მარშებია დაგეგმილი. ღონისძიებები სლოგანით "ქალები - ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ" დღის განმავლობაში გაიმართება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ბოლნისში, გორში, თელავში, ახმეტასა და მარნეულში.
საღამოს, 19:00 სთ-ზე რუსულ კანონს კვლავ გააპროტესტებენ საქართველოს პარლამენტთანაც.
"გუშინ, საქართველოს პარლამენტში, მოღალატე "უმრავლესობამ", პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. კანონს, რომელიც გვაკარგვინებს ევრო-ატლანტიკურ მომავალს. მოღალატე ხელისუფლებამ გაბრაზებულ მოქალაქეებს არაპროპორციული ძალა დაუპირისპირა. მშვიდობიანი აქციის დარბევა დილამდე გაგრძელდა. ვაგრძელებთ პროტესტს! 7 საათზე, პარლამენტის წინ, მოდი და დაიცავი საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ღირსება!"- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან 15:00 საათიდან დაიწყებენ შეკრებას.
"ქართულმა ოცნებამ" მოტყუებით - 9 მარტისთვისთვის დაანონსებულის ნაცვლად, 7 მარტს, ძალოვანების მობილიზების პირობებში, სპონტანურად თავშეყრილი საპროტესტო აქციის ფონზე განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონპროექტი. ამას მალევე აქციის მონაწილეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა და მათი დარბევა მოჰყვა, რომელიც ფაქტობრივად, დილამდე გრძელდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, აქტივისტების წინააღმდეგ გამოყენებულია ცრემლსადენი გაზი, "წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი, რომელშიც, როგორც რიგი თვითმხილველები აცხადებენ, ცრემლსადენი ნივთიერება ასევე ერია.
დაშავდა ათობით ადამიანი. შსს–ს ცნობით, დაკავებულია 66 პირი.


