იგი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ ჯერჯერობით ჰყავთ დიღომში - ზურაბ ჯაფარიძის ძმა
08/03/2023 11:26:57 პოლიტიკა
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ძმა გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიტიკოსი დაკავებულია და ჰყავთ დიღომში. ის ამბობს, რომ რა ინფორმაციაც აქვს ოჯახს, ზურაბ ჯაფარიძე საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
"არის პოლიციის მიერ „დუბინკებით“ ნაცემი. დაზიანებები აქვს თავზე. რა ინფორმაციაც ახლა გვაქვს, ის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. საჭიროა ე.წ. კატეს გადაღება. ჯერჯერობით ჰყავთ დიღომში. ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რამდენიმე საელჩო", – აცხადებს გია ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი ვახო ბარამიშვილი ამბობს, ჯაფარიძეს დაკავების შემდეგ ცემეს და აქვს დაზიანება თავზე:
„დაზიანებები პირდაპირ თვალსაჩინოა და ეტყობა, მათ შორის თავზე, ხელკეტის რტყმისგან გაჩენილი აქვს წითელი ლაქები და ნიკა მოსიაშვილს მთელ სხეულზე აქვს წიწაკის სპრეი, რომელიც გამოყენებული იყო აქციაზე და ძალიან ბევრჯერ მიმართა უკვე სამედიცინო პუნქტს და ჯერჯერობით რეაგირება არ აქვთ”.
ცნობისთვის: 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკავებულია აქციის 66 მონაწილე.


