ოპოზიციის კონსულტაციები დასრულდა: "კოორდინირებულ მოქმედებაზე შევთანხმდით"
08/03/2023 12:01:19 პოლიტიკა
პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ოპოზიციამ იმსჯელა, როგორ აიძულოს მმარტელი პარტია, გაიწვიოს "აგენტების შესახებ" კანონპროექტები პარლამენტიდან.
სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია, პრაქტიკულად, სრული შემადგენლობით ესწრებოდა, თუმცა მოლაპარაკებაზე არ იყო "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
"პირველი, რაც მნიშვნელოვანია, ეს იყო დღეს ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაცია ძალიან სერიოზული, მათ შორის – სხვადასხვა მიმართულებებით. მეორე, ეს არის კოორდინირებული მოქმედება, მათ შორის როგორი იქნება საპარლამენტო ოპოზიციის და ზოგადად, კოორდინაცია მთელ ოპოზიციასთან და მესამე, შევუერთდებით ყველა პროტესტს, რომელიც დღეს არის დაგეგმილი. ახლა ქალების მარში იწყება, ქალებს საპროტესტო მსვლელობა იწყება და ასევე, საღამოს არის აქცია, სადაც საქართველოს მოქალაქეები კვლავ გააპროტესტებენ რუსულ კანონს, ამიტომ ყველა საპროტესტო მუხტი უნდა იყოს გამოყენებული", - ამბობს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე.


