კალაძე: "ცალ ფეხზე სიარულით და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ"
08/03/2023 14:44:08 პოლიტიკა
თბილისის მერმა კახა კალაძემ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტით გამოწვეული პროტესტის შესახებ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, არაერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ გამოეხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ.
„რა თქმა უნდა, ევროპა თითოეული ჩვენგანის არჩევანი და მიზანია. ევროპა ისტორიულად დაკავშირებულია ქრისტიანობასთან, დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, სამართლის უზენაესობასთან, ღირსების პატივისცემასთან, ეს არის ის ფასეულობები, რომლისკენაც ქართველები დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფოდით და დღესაც ვისწრაფვით", - თქვა კალაძემ და დასძინა, "აქვე მინდა, ვთქვა, რომ ევროპაზე საუბრისას, პირადად მე ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო დღეებში ოპონენტების მხრიდან მხვდება სტატუსები, წერენ - "კახა, კარგია ევროპაში შოპინგი?" სიღრმეში არ შევალ, მაგრამ ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ამ ადამიანებს, პოლიტიკურ ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაჰყავთ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს, ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამიანებს ღირებულებები არ აქვთ. ჩემი საუკეთესო წლები ევროპაში გავატარე. ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მილანში. ჩემი წარმატებებიც მილანთან და ევროპასთანაა დაკავშირებული, რითაც ძალიან ვამაყობ. ყოველთვის ევროპული ღირებულებებით ვცხოვრობ. ვამაყობ ჩემი ქვეყნით, ტრადიციებით, კულტურით, ამ დამოკიდებულებით ვზრდი ჩემს შვილებსაც. ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს“.
კალაძის თქმით, მონური დამოკიდებულებით საქართველო ევროპაში ვერასდროს შევა:
„მე, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი, დღესაც ასე დავდივარ - ამაყი და თავაწეული და მომავალშიც ასე ვივლი. თუ თავად არ იცი შენი ქვეყნის ფასი, თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა, ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, წარსული, ღირებულებები, მერწმუნეთ, არც ევროპა მიგიღებს და არც ევროპა დაგაფასებს. თუ ოპონენტების არჩევანი ევროპისკენ ცალ ფეხზე სიარულია, თქვენი ნებაა, თუმცა ცალ ფეხზე სიარულით და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ. მონობა არც ქართველების ხასიათში ზის და ჩვენი ხალხის დამონების პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს".
7 მარტს პარლამენტმა საზოგადოების პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტი, რასაც მასშტაბური პროტესტი მოჰყვა – ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში გასაპროტესტებლად, ფიქრობენ რა, რომ ეს კანონი, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებენ ქვეყნის პარტნიორები, აახლოებს რუსეთს და აშორებს ევროპას. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და წიწაკის აეროზოლი. დაშავდა ათობით ადამიანი.


