ბრიტანეთის საელჩო: „ეს კანონი მიზნად ისახავს დონორების მხარდაჭერის ხელის შეშლას და ლეგიტიმური სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ჩახშობას“
08/03/2023 14:51:45 პოლიტიკა
გაერთიანებული სამეფო იზიარებს ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ღრმა შეშფოთებას გუშინ პარლამენტში „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების შესახებ, - ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში, რომელიც დიპლომატიურმა უწყებამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
დიპლომატიური წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ მიღების შემთხვევაში, შემოთავაზებული კანონი ხელს შეუშლის საქართველოს მეგობრებს და სტრატეგიულ პარტნიორებს, გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა:
„წამყვანი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებიდან ჩანს, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს დონორების მხარდაჭერის ხელის შეშლას და ლეგიტიმური სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ჩახშობას, რაც ეწინააღმდეგება საერთო ღირებულებებს და საერთაშორისო სტანდარტების მიმართ აღებულ ვალდებულებებს, რომელსაც ველით პარტნიორი ქვეყნისგან და რაც ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მისწრაფებას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
მოვუწოდებთ საქართველოს მმართველ ძალას, გაითვალისწინონ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის და საერთაშორისო პარტნიორების წუხილი, სანამ გააგრძელებენ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობას”, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.
7 მარტს პარლამენტმა საზოგადოების პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტი, რასაც მასშტაბური პროტესტი მოჰყვა – ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში გასაპროტესტებლად, ფიქრობენ რა, რომ ეს კანონი, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებენ ქვეყნის პარტნიორები, აახლოებს რუსეთს და აშორებს ევროპას. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და წიწაკის აეროზოლი. დაშავდა ათობით ადამიანი.


