PACE: "პარლამენტისადმი ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, "აგენტების" შესახებ კანონპროექტის დღის წესრიგიდან ამოღების საკითხი განიხილოს"
08/03/2023 17:47:20 პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და პარლამენტს მოუწოდებენ, "აგენტების შესახებ" კანონპროექტების დღის წესრიგიდან ამოღების საკითხი განიხილონ.
თანამომხსენებლებმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო. მათი თქმით, კანონპროექტის ამჟამინდელი ფორმა ევროპული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს, ხოლო გუშინ დაჩქარებულმა მიღებამ მხოლოდ გაზარდა საქართველოს საზოგადოებაში არსებული ღრმა პოლარიზაცია და განხეთქილება.
"ვენეციის კომისიის დასკვნის შემთხვევაშიც კი, ჩვენთვის გაუგებარია, რამდენად იქნება ეს საკმარისი ქართულ საზოგადოებაში არსებული იმ ღრმა განხეთქილებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მიყენებული ზიანის გასაქარწყლებლად, რაც ამ კანონპროექტმა გამოიწვია. შესაბამისად, პარლამენტისადმი ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, ამ კანონპროექტის დღის წესრიგიდან სრულად ამოღება განიხილოს", - აღნიშნულია განცხადებაში.


