"მმართველი პარტია თუ ვერ გრძნობს, რომ ის პასუხისმგებელია მისი მოსახლეობის წინაშე, ეს მათი პრობლემაა, ჩემი პასუხიმგებლობაა, ქვეყანა შევიდეს ევროკავშირში"
08/03/2023 20:52:29 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "აგნეტების შესახებ" კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„ძალიან ნათელია, რომ ქვეყანასა და მოსახლეობას არ სურს ეს გზა. ყოველ ჯერზე, საქართველოს უახლოეს ისტორიასა თუ წარსულში, არჩევანი არსებობდა და საქართველოს მოსახლეობის პასუხი იყო, მათ შორის ძალიან ბევრჯერ ქუჩიდან, რომ ჩვენ გვსურს ევროპა, რომ ევროპაა ჩვენი მომავალი და ღირებულება, ეს ხდება ისევ. ცხადია, წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელზეც ვთქვი, რომ ვეტოს დავადებ, ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს, რომელზეც ევროკავშირი დგას. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველომ რამდენიმე თვის წინ ვერ მიიღო, როდესაც ის მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას. საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ვიმყოფებით მათი მომავლისთვის, იციან, რომ ახლა მათი შვილების მომავალი განისაზღვრება იმით, თუ რას მოვიმოქმედებთ უახლოეს მომავალში და ისინი მკაფიოდ ამბობენ, რომ სურთ ევროპა“, – განაცხდაა პრეზიდენტმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არჩეულ იქნა პროგრამით, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას გულისხმობდა და თუ ახლა უმრავლესობა ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ქართული საზოგადოების წინაშე, ეს მათი პრობლემაა.
„ისინი იყვნენ არჩეულები ისევე, როგორც მე ვიყავი არჩეული, პროგრამის მიხედვით, რომელიც გულისხმობდა საქართველოს მიყვანას ევროკავშირთან, სწორედ ეს გვიწერია კონსტიტუციაში, რომლის გარანტორიც ვარ მე. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს აღმასრულებელი ძალაუფლება, მე აქ ვარ იმის უზრუნველყოფისთვის, რომ რასაც დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს, ის იქნება შესრულებული. პარლამენტი, უმრავლესობა, მმართველი პარტია თუ ვერ გრძნობს, რომ ის პასუხისმგებელია მისი მოსახლეობის წინაშე, ეს მათი პრობლემაა. მე ვგრძნობ, რომ არა მხოლოდ პასუხისმგებელი ვარ, არამედ ვფიქრობ, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო საპრეზიდენტო არჩევნებში, რის გამოც მსურდა ვყოფილიყავი ამ ქვეყნის პრეზიდენტი, არის ის, რომ დავეხმარო ამ ქვეყანას, მივიდეს რაც შეიძლება ახლოს და საბოლოო ჯამში, შევიდეს ევროკავშირში. ეს ნამდვილად ისტორიული არჩევანია, რაც შეიძლება აღარ დაგვიდგეს. ძალიან კომპლექსურ მდგომარეობაში ვართ, სულ მცირე, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ჩვენ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა, და ევროპული პერსპექტივა ნიშნავს, რომ წინააღმდეგობა, რომელიც აქამდე არსებობდა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ვართ თუ არა ნამდვილად ევროპა, ახლა გვერდით არის გადადებული. ეს არის ახალი შანსი ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან ერთად შევუერთდეთ ევროკავშირს და ეს იქნება ადგილი, სადაც საქართველო ამოისუნთქებს, მრავალი საუკუნის განმავლობაში ტერიტორიებისთვის ბრძოლისა და ოკუპაციის შემდეგ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


