საფრანგეთი – საქართველოს ხელისუფლებას: "პატივი ეცით მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას"
09/03/2023 00:52:58 პოლიტიკა
საფრანგეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება მძიმე დარტყმას აყენებს ქართულ დემოკრატიას.
„საფრანგეთი, ევროკავშირის მსგავსად, გამოთქვმს სიღრმისეულ შეშფოთებას საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო. ეს ინიციატივა ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დისკრედიტაციას და მძიმე დარტყმას აყენებს ქართულ დემოკრატიას. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ფართო მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული პერსპექტივისადმი“, - წერია 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
საფრანგეთი "მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ევროკავშირის ღირებულებებს, კერძოდ, მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას. ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, რაც ადამიანის უფლებების პატივისცემასთან უკავშირდება, განსაკუთრებით მართლმსაჯულებისა და პრესის თავისუფლების სფეროში, არსებითია საქართველოს ევროპული პერსპექტივის მისაღებად“.
საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებით, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კეტრინ კოლონამ, 18 თებერვალს მიუნხენში შეხვედრისას თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს მოუწოდა, „გაგრძელდეს ძალისხმევა“, რათა საქართველო მიუახლოვდეს სტატუსის მიღებას. „საფრანგეთი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე“, - წერს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო.


