აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი: "ღარიბაშვილს ვესაუბრე კანონპროექტებზე, რომლებიც ქართველი ხალხის ევროინტეგრაციის სურვილს ეწინააღმდეგება"
09/03/2023 05:11:14 პოლიტიკა
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე აცხადებს.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საპროტესტო აქციებისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე ესაუბრა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საპროტესტო აქციებისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტებზე ვესაუბრე, რომლებიც ქართველი ხალხის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების სურვილს ეწინააღმდეგება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტი,“- წერს შოლე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: თბილისში საპროტესტო გამოსვლებია პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის გამო. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი თქვას "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
7 და 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური და საშუალებების გამოყენებით დაშალა. შსს–ს ცნობით, 7 და 8 მარტს საერთო ჯამში, 133 პირი დააკავეს.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლების გამომწვევი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მოძრაობიდან "ხალხის ძალა". მათი ორი კანონპროექტიდან პირველია ერთი მოსმენით უკვე მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. მას მოჰყვა მეორე კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ, რომელსაც ინიციატორები ამერიკულის ანალოგს უწოდებენ. 8 მარტს ეს კანონპროექტები პარლამენტმა შესაფასებლად გაუგზავნა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას.
საქართველოს ხელისუფლებას ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე უარისკენ არაერთხელ მოუწოდეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და მისი წევრი სახელმწიფოების მაღალჩინოსნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
დღეს, 9 მარტს ოპოზიციური პარტიების ერთობას და საპროტესტო მოძრაობაში ჩართულ სტუდენტებს დანიშნული აქვთ საგანგებო ბრიფინგი, რომელზეც საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის 3-პუნქტიანი გეგმა უნდა წარმოადგინონ.


