მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება - პარლამენტი მიზეზად ინფრასტრუქტურის დაზიანებას ასახელებს
09/03/2023 06:05:02 პოლიტიკა
"ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გავრცელდა.
დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა და მოგვიანებით პლენარული სესია უნდა გამართულიყო.
"7-8 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლესთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად ზიანი მიადგა პარლამენტის შენობასა და ინფრასტრუქტურას.
ზარალის აღწერის, მიყენებული ზიანის აღდგენის, პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პარლამენტის სასახლეში მიმდინარე წლის 9-10 მარტს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი, რომელიც გავრცელდება ყველა ვიზიტორზე, აკრედიტებულ მედიაზე და პარლამენტის წევრებზე.
შენობაში, საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ, დაიშვებიან აპარატის მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ზიანის აღწერასა და აღდგენაში.
ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება", - ნათქვამია პარლამენტის აპარატის განცხადებაში.
ცნობისთვის: თბილისში საპროტესტო გამოსვლებია პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის გამო. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი თქვას "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
7 და 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური და საშუალებების გამოყენებით დაშალა. შსს–ს ცნობით, 7 და 8 მარტს საერთო ჯამში, 133 პირი დააკავეს.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლების გამომწვევი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მოძრაობიდან "ხალხის ძალა". მათი ორი კანონპროექტიდან პირველია ერთი მოსმენით უკვე მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. მას მოჰყვა მეორე კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ, რომელსაც ინიციატორები ამერიკულის ანალოგს უწოდებენ. 8 მარტს ეს კანონპროექტები პარლამენტმა შესაფასებლად გაუგზავნა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას.
საქართველოს ხელისუფლებას ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე უარისკენ არაერთხელ მოუწოდეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და მისი წევრი სახელმწიფოების მაღალჩინოსნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
დღეს, 9 მარტს ოპოზიციური პარტიების ერთობას და საპროტესტო მოძრაობაში ჩართულ სტუდენტებს დანიშნული აქვთ საგანგებო ბრიფინგი, რომელზეც საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის 3-პუნქტიანი გეგმა უნდა წარმოადგინონ.


