კრემლი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს „ემიჯნება“
09/03/2023 13:38:02 პოლიტიკა
რუსეთს არავითარი კავშირი არ აქვს „აგენტების“ შესახებ კანონპროექტთან, რომელიც საქართველოში „არეულობას იწვევს“,– განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
”არაფერი არ იყო შთაგონებული კრემლის მიერ, აქ კრემლს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო”, - განაცხადა კრემლის სპიკერმა.
როგორც რუსული პროპაგანდისტული მედიარესურსი TASS წერს, პესკოვმა კომენტარი გააკეთა აშშ–ის განცხადებებზე, რომ „აგენტების“ კანონპროექტი კრემლით არის შთაგონებული.
პესკოვმა თქვა, რომ ამ კანონების „პიონერი“ შეერთებული შტატებია. მანამდე იმავეს აცხადებდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ასეთივე არგუმენტებს იშველიებდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.
„და კანონპროექტის ერთ-ერთი ვარიანტიც კი, თუ სწორად გავიგეთ, ძალიან ჰგავდა აშშ-ის მსგავს კანონს. მეორე ვარიანტი ნაკლებად ჰგავდა აშშ-ის კანონმდებლობას, ბუნებით გაცილებით რბილი იყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერი გვაქვს არც ერთთან და არც მეორესთან“, - განაცხადა პესკოვმა და გაიმეორა საქართველოში კანონპროექტების ინიციატორების არგუმენტები.
მან დასძინა, რომ საქართველოში არეულობა კრემლის შეშფოთებას იწვევს, რადგან რუსეთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, სიმშვიდე იყოს საზღვრებთან:
„ის მაინც მეზობელი სახელმწიფოა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან, როგორც ასეთი, არ გვაქვს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, იქ არსებულმა მდგომარეობამ არ შეიძლება, არ გამოიწვიოს ჩვენი შეშფოთება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე იყოს ჩვენი საზღვრების პერიმეტრზე. ამჟამინდელი ვითარება ცხადია, მეტის სურვილს ტოვებს“.
პესკოვმა მოუწოდა საქართველოში მცხოვრებ რუსებს, სიფრთხილე გამოიჩინონ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე.
თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში პიკს მიაღწია საზოგადოებრივმა პროტესტმა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ, რომელიც დააინიცირა საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, ანტიდასავლური გზავნილებით გამორჩეულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა და რომელსაც მხარი დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“, მიაჩნიათ რა, რომ მსგავსი ნაბიჯი საქართველოს აშორებს დასავლეთისგან და აახლოებს რუსეთთან. მიუხედავად პროტესტისა, პარტნიორების მკაფიო გამაფრთხილებელი გზავნილებისა, რომ კანონი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 სავალდებულო რეკომენდაციასთან, ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ქართველი ხალხის მიერ მხარდაჭერილ კურსთან – საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი (რომელიც კონსტიტუციით არის გამტკიცებული), პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტიდან ერთი – ე.წ. „ქართული“ ვერსია. ბოლო ორი დღის მასობრივი პროტესტის შემდეგ, რომელსაც სპეცსაშუალებების გამოყენებით შლიდნენ სპეცდანიშნულების რაზმები, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ უკან გაიწვევს კანონპროექტებს და ემოციური ფონის ჩაცხრობის“ შემდეგ დააანონსა „ხალხთან შეხვედრები“ კანონპროექტის „სიკეთეების“ გაცნობის მიზნით, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პროტესტის ჩახშობის შემდეგ პროექტი კვლავ დაბრუნდება პარლამენტში.
გარდა ამისა, არსებობს პროცედურული საკითხიც.
"პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.გვაქვს ორი კანონი (პირობითი სახელით):
1. რუსულთან მიმსგავსებული პირველი მოსმენითაა მიღებული;2. აშშ-სთან მიმსგავსებული, რომელიც ჯერ არ განხილულია.
რაა საჭირო?
1. პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანომ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ);2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტის გაწვევას.ასე, რომ უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და ხალხის ძალამ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე!",– განმარტავს კონსტიტუციონალისტი ვახუში მენაბდე.
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე ჩააგდებენ და რომ გაიწვევენ ვენეციის კომისიიდან.


