ბორელის ოფისი: "ევროკავშირი მოელის, რომ ორივე პრობლემური კანონპროექტი გაწვეული იქნება"
09/03/2023 14:07:58 პოლიტიკა
ევროკავშირში მიესალმებიან "აგენტების" შესახებ კანონპროექტების გაწვევის თაობაზე განცხადებას, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ამ დაპირებას ახლა პარლამენტის მხრიდან კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს.
„ქართული ოცნების“ განცხადება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის განზრახვის თაობაზე გამამხნევებელი სიგნალია, მაგრამ ახლა პარლამენტის მხრიდან კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. ევროკავშირი მოელის, რომ ორივე პრობლემური კანონპროექტი - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ იქნება გაწვეული. ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება დაამტკიცებს ერთგულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებული მიზნის შესაბამისად. ამასთან, შევახსენებთ მას ხალხის მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლებას", - განუცხადა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს–სპიკერმა პიტერ სტანომ "აქცენტს".
მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.
მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.


