„აგენტების" კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილება მიღებულია და ვერ გადაიხედება"
09/03/2023 14:37:01 პოლიტიკა
„უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაადასტურა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. როგორც იგი ამბობს, ამ თემაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და მხოლოდ ტექნიკური ნაწილი არის დარჩენილი.
„პროცედურებთან დაკავშირებით არის ცარიელი სპეკულაციები, რაც უკვე განმარტა მამუკა მდინარაძის მხრიდან. ნებისმიერი კანონპროექტი, ნებისმიერ თემაზე შეგიძლია, დააინიციირო და რამდენიმე დღეში მიიღო დაჩქარებული წესით. პროცედურა აქ არაფერ შუაშია. პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, ეს გადაწყვეტილება არის გაჟღერებული და აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება. დანარჩენი არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი. ვინც ცდილობს, რომ ეს ტექნიკური საკითხი გამოიყენოს მანიპულირებისთვის, იმისათვის, რომ ძალადობრივი მუხტი შექმნას დღეს, რაც იყო, სამწუხაროდ, გუშინ და გუშინწინ, ის არის თანაზიარი იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ამას შეიძლება უკავშირდებდეს. მოვუწოდებ პოლიტიკანებს, თავი შეიკავონ ასეთი სპეკულაციებისგან. არის წმინდა წყლის ტექნიკური საკითხი", - განაცხადა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.
მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.


