კობახიძე დაკავებული დემონსტრანტების შესახებ: "მმართველი პარტია ვერავის გაათავისუფლებს"
09/03/2023 14:28:00 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 7-8-9 მარტის აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების შესახებ ჟურნალისტების კითხვას პასუხობს და ამბობს, რომ „მმართველი პარტია ვერავის გაათავისუფლებს“.
„მმართველი პარტია ვერავის ვერ გაათავისუფლებს და ვერც დაიჭერს. რაც შეეხება უწყებებს, ეს არის მათი საქმე და უწყებები მოქმედებენ არა პოლიტიკური მოთხოვნების შესაბამისად, არამედ კანონების შესაბამისად. რაც იქნება გათვალისწინებული კანონით, გაკეთდება ზუსტად ის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
9 მარტს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ბოლო სამი დღის განმავლობაში აქციაზე დაკავებული 133 დემონსტრანტის გათავისუფლებაა.
საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.
მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.


