Accentnews.ge
„რუსეთისთვის ფანტასტიკა, პუტინისთვის კოშმარია“: რუსების რეაქცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

„რუსეთისთვის ფანტასტიკა, პუტინისთვის კოშმარია“: რუსების რეაქცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

09/03/2023 14:48:21 ეს საინტერესოა

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში „აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებულ მოვლენებს – პარლამენტის მიერ პროექტის პირველის მოსმენით მიღებას და მასშტაბურ პროტესტს – სოციალურ ქსელებში („ტვიტერზე“, „ფეისბუქზე“, „ტელეგრამზე“ ) განიხილავენ რუსი კომენტატორებიც. მათ შორის, ცხადია, არიან კრემლის პროპაგანდისტები და არიან სხვადასხვა პროფესიის ის ადამიანები, რომელთაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსეთში კრიტიკული აზრის წინააღმდეგ მოქმედი მსგავსი კანონის რეპრესიული „ტალღა“. „აქცენტი“ გთავაზობთ მათ შეფასებებს:

რუსი ბლოგერი სერგეი ვისოცკი: „აღფრთოვანებული ვარ თქვენით! საქართველო! თქვენ გაქვთ ის, რაც რუს ყმებს არ აქვთ - თავისუფლების სიყვარული!“

რუსი პოლიტიკოსი გენადი გუდკოვი: „დიახ, საქართველო მხურვალეა. ყოჩაღი ქართველები! არავითარი უცხოური გავლენის აგენტები. ჩვენ, რუსებმა კარგად ვიცით, რა კატასტროფით სრულდება დუმილი და უმოქმედობა!“

რუსი აქტივისტი მაშა მაკაროვა: „პუტინიზმი არის სიმსივნე სამოქალაქო საზოგადოების სხეულზე. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველები შეძლებენ თავიანთ ქვეყანაში მეტასტაზების გავრცელების აღკვეთას“.

რუსი ჟურნალისტი ალექსანდრე რიკლინი: “ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მეგობრებიც მოედანზე არიან... მოითმინეთ, ჩემო ძვირფასო ქართველებო. ძალა და გამბედაობა თქვენ. საქართველო თავისუფალი იქნება! პუტინიზმი არ გავა!“

რუსი ლიტერატორი ოლეგ ლეკმანოვი: „მჯერა და იმედი მაქვს, რომ ქართველები არ დაუშვებენ თავიანთი ქვეყნის რუსეთის ფედერაციის ფილიალად ქცევას“.

რუსი ჟურნალისტი ტიხონ ძიადკო: „როდესაც ერთი წლის წინ იძულებული გავხდით, რუსეთი დაგვეტოვებინა, ჩვენმა მეგობრებმა, ჟურნალისტებმა, უფლებადამცველებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მაშინვე დაიწყეს ჩვენი დახმარება საქართველოში. არასოდეს დამავიწყდება ის დახმარება, რომელიც მათ გაგვიწიეს ჩვენ, ჩვენს ოჯახს, ჩვენს კოლეგებს და მეგობრებს. სწორედ მათ წინააღმდეგ სურს პარტია „ქართულ ოცნებას“ მიიღოს „რუსული“ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“. და რადგან კანონს საღი აზრი არ აქვს, წყლის ჭავლი გამოიყენება. ჩემი ფიქრები და მთელი მხარდაჭერა, რისი გაცემაც შემიძლია, მათთანაა, ამ მშვენიერ ქართველ ხალხთან. მე მჯერა, რომ ისინი შეძლებენ წინააღმდეგობის გაწევას - განსხვავებით იმისგან, რაც ვერ შევძელით ჩვენ რუსეთში 10 წლის წინ“.

რუსი პუბლიცისტი ალექსნდრე ნევზოროვი: „რა თქმა უნდა, არ გამოდგება რუსეთში საქართველოს პარლამენტის ყველა იმ დეპუტატის დეპორტაცია, რომლებმაც ხმა მისცეს საქართველოს ყელზე „მოსკოვურ ქუსლს“. მაგრამ ჯერ კიდევ არის სიტუაციის რადიკალურად შეცვლის შანსი. თუ სიმამაცე და მონდომება არ წავა საქართველოდან, მაშინ პარანოიდული კანონი „უცხო აგენტების შესახებ“ შეიძლება გადაფორმდეს კანონად „პუტინის აგენტების შესახებ“. რუსი პრო-სამთავრობო კომენტატორებიც უკიდურესად შეშფოთებულნი არიან“.

პოლიტოლოგი აქტივისტი, ჟურნალისტი ბორის ვიშნევსკი: „ხელისუფლებას მოუწია უკან დახევა საზოგადოების წინაშე. ეს დღევანდელი რუსეთისთვის პოლიტიკურ ფანტაზიას ჰგავს და პრეზიდენტ პუტინისთვის კოშმარს, რომელიც არასოდეს აღიარებს შეცდომებს. რუსეთში დღეს ყველაზე ამაზრზენი კანონები მიიღება საზოგადოებრივი აზრის ყოველგვარი გათვალისწინების გარეშე და ხელისუფლების პოლიტიკასთან შეუთანხმებლობა კრიმინალიზებულია. მაგრამ ადრე თუ გვიან, ხელისუფლების დამოკიდებულება მოქალაქეებზე ისევ რეალობა გახდება რუსეთისთვის“.

რუსი პუბლიცისტი, მწერალი ანდრეი დესნიცკი: „გილოცავთ მშვენიერ ქართველ ხალხს გამარჯვებას! მათ სხვებს შეახსენეს, რომ უნდა შეასრულონს თავიანთი როლი:

- ელიტების განხეთქილება (პრეზიდენტი პარლამენტის წინააღმდეგ),

- ხელისუფლების არჩევნებზე მშვიდობიანი შეცვლის გამოცდილება,

- ნათელი ევროპული მოლოდინები და სერიოზული ევროპული ზეწოლა,

- ნაციონალიზმი („არ გვინდა, ვიყოთ რუსეთის პროვინცია“).

რუსეთის ფედერაციაში ამგვარი ჯერ არაფერი ხდება“.

რუსი პოლიტტექნოლოგი კონსტანტინე კალაჩევი: “უკვე მეორე წელია, გლობალურ ეკონომიკაში გაუარესებული ვითარების ფონზე, საქართველო მშპ-ის ორნიშნა ზრდას ავლენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი ეკონომიკური სასწაულის მიზეზი ქვეყნის „სწორი პოზიციაა“. ანუ საქართველომ, ერთი მხრივ, არ დაუჭირა მხარი ანტირუსული სანქციების შემოღებას, მეორე მხრივ კი ჰპირდება მათ, რომელთაც სანქციები შემოიღეს, რომ არ დაეხმარება გვერდის ავლაში. პლუს, წვლილი რუსი მიგრანტების ეკონომიკასა და ფინანსებში. ხალხმა ფული მოიტანა, ხალხი ახალ ბიზნესს ხსნის. ზოგადად, ეკონომიკაში ყველაფერი შედარებით კარგად ჩანს, მაგრამ ევროინტეგრაციაში ყველაფერი კარგად არ არის. ქართველების უმეტესობა განვითარების, ევროპული გზის მომხრეა – „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის მომხრეებიც. და უცებ, მოულოდნელად ეს კანონპროექტი "უცხოური აგენტების შესახებ". პროტესტს გამომწვევები და ლიდერები სჭირდება. გამომწვევი გამოჩნდა. არიან ლიდერებიც, თუმცა ყველაფერი მკაფიო არ არის. საქართველოში ოპოზიცია ვერ წყვეტს ჭიპლარს, რომელიც მას ბევრის თვალში, სააკაშვილთან აკავშირებს. უმრავლესობა კი უარყოფითად არის განწყობილი სააკაშვილის მიმართ. ასევე არის საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს. მის ფარგლებში იყო კანონპროექტი შემოთავაზებული. კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალა “. 2022 წლის აგვისტოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების ჯგუფმა დატოვა პარტია და დააარსა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალამ“. მათ შორის არიან მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი. პარტიიდან წასვლისა და საკუთარი მოძრაობის შექმნის მიზეზად დეპუტატებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესით უკმაყოფილება დაასახელეს. როგორც ჩანს, საქართველოს ჩრდილოვანი მმართველი ივანიშვილი ორი ხელით თამაშობს: მის მიერ შექმნილი „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციისკენ არის მიმართული, „ხალხის ძალა“ აკრიტიკებს პროდასავლურ დისკურსს. ეს მა“ხსენებს ერთიანი რუსეთისა“ და „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ურთიერთობას იმ გაგებით, რომ მხარეები განსხვავებულები არიან, მაგრამ ისინი ერთსა და იმავეს აკეთებენ. ერთი უფროსი პარტნიორია და მეორე საყრდენი პარტია. სხვები, რომლებიც აცხადებენ დამოუკიდებლობას, სინამდვილეში არიან უმცროსი პარტნიორები საერთო საქმეში. ამიტომ, ისინი აცხადებენ და აკეთებენ იმას, რაც პირველს არ შეეძლო ან არ სურდა. თითები განსხვავებულია, მაგრამ ხელი ერთია. მათ გადამოწმეს საზოგადოების რეაქცია კანონპროექტით. აწონ-დაწონა დადებითი და უარყოფითი მხარეები, მომავალი „მოგება“ და მიმდინარე ზარალი და უკან დაიხიეს. მოსახლეობას კვლავაც დააშინებენ იმით, თოთქოს ოპოზიციას უკრაინიზაციის და რუსეთთან ომის მომხრეა. 2024 წლის არჩევნები საქართველოში საინტერესო და დრამატული იქნება. გონებისა და გულებისთვის ბრძოლა გაჩაღდა. მოდით, შევაგროვოთ პოპკორნი“.

რაც შეეხება კრემლის მომხრეების შეფასებებს, აქ ძირითადი გზავნილია, რომ „პროტესტი ჯამში უშედეგო იქნება“, ასევე გამორიცხავენ საზოგადოების განწყობას და წერენ, რომ „აქ აშშ–ის ხელი ურევია“, ხოლო მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდა განაცხადა, რომ დღის წესრიგიდან მოხსნის პროექტს, წერენ, რომ „აშშ–მა ნოკაუტით მოიგო“, რომ „საქართველო გაუხსნის ახლა მეორე ფრონტს რუსეთს“, რომ „30 წელი ჩვენი ქართველებით არ ვიყავით დაკავებული, როგორც ჩვენი დანარჩენი ტერიტორიებითო“ – ამგვარად, ნარჩუნდება ის პროპაგანდისტული გზავნილები, რაც ხშირად ისმის რუსეთის სხვადასხვა რანგის ოფიციალური პირებისგან.

თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში პიკს მიაღწია საზოგადოებრივმა პროტესტმა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ, რომელიც დააინიცირა საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, ანტიდასავლური გზავნილებით გამორჩეულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა და რომელსაც მხარი დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“, მიაჩნიათ რა, რომ მსგავსი ნაბიჯი საქართველოს აშორებს დასავლეთისგან და აახლოებს რუსეთთან. მიუხედავად პროტესტისა, პარტნიორების მკაფიო გამაფრთხილებელი გზავნილებისა, რომ კანონი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 სავალდებულო რეკომენდაციასთან, ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ქართველი ხალხის მიერ მხარდაჭერილ კურსთან – საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი (რომელიც კონსტიტუციით არის გამტკიცებული), პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტიდან ერთი – ე.წ. „ქართული“ ვერსია. ბოლო ორი დღის მასობრივი პროტესტის შემდეგ, რომელსაც სპეცსაშუალებების გამოყენებით შლიდნენ სპეცდანიშნულების რაზმები, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ უკან გაიწვევს კანონპროექტებს და ემოციური ფონის ჩაცხრობის“ შემდეგ დააანონსა „ხალხთან შეხვედრები“ კანონპროექტის „სიკეთეების“ გაცნობის მიზნით, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პროტესტის ჩახშობის შემდეგ პროექტი კვლავ დაბრუნდება პარლამენტში.

გარდა ამისა, არსებობს პროცედურული საკითხიც.

"პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.გვაქვს ორი კანონი (პირობითი სახელით):

1. რუსულთან მიმსგავსებული პირველი მოსმენითაა მიღებული;2. აშშ-სთან მიმსგავსებული, რომელიც ჯერ არ განხილულია.რაა საჭირო?

1. პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანომ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ);2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტის გაწვევას.ასე, რომ უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და ხალხის ძალამ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე!",– განმარტავს კონსტიტუციონალისტი ვახუში მენაბდე.

„ქართულ ოცნებაში“ პირობა დადეს, რომ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე ჩააგდებენ და რომ აღარ დაუბრუნდებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S