მამუკა მდინარაძე ხვალინდელი პლენარული სხდომის ჩატარების პროცედურებს განმარტავს
09/03/2023 20:49:28 პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ხვალინდელი პლენარული სხდომის ჩატარების პროცედურები განმარტა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა.
„ასეთი იურიდიული გადაწყვეტა მოვიფიქრეთ ამ ყველაფრის გამოსარიცხად: კომიტეტი ვერ ტარდება სასესიო კვირაში, მაგრამ ამ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უკვე მიმართეს კანონპროექტის ინიციატორებმა პარლამენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ განხილვაზეც უარს ამბობენ, ასეთი იურიდიული გადაწყვეტა მოვიფიქრეთ: იურიდიულმა კომიტეტმა მიიწერა, რომ არ განვიხილავთ საერთოდ ამ კანონს, რადგან ავტორები განხილვის წინააღმდეგები არიან და ვინაიდან კომიტეტის ჩატარება არ არის საჭირო, პირდაპირ ბიუროს წარედგინება ეს საკითხი და ბიუროს შეუძლია გაიტანოს პლენარულ სხდომაზე, ამან გააჩინა იურიდიული საშუალება, რომ ამავე კვირაში ჩვენ ჩავატაროთ პლენარული სხდომა და ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გამოვაცხადეთ, უკვე რეალიზებული იყოს“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მანვე განმარტა, რომ საჭიროება აღარ არის, პრეზიდენტმა მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა.
10 მარტს 11:00 საათზე, პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ხვალ, 12 საათზე პარლამენტში პლენარული სხდომა დაიგეგმა.
როგორც პარლამენტის აპარატი იუწყება, 10 მარტს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.


