ხატია დეკანოიძე - მონაპოვარია იმ ფაქტის დადასტურება, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ყოვლისშემძლე
10/03/2023 09:18:16 პოლიტიკა
"ყველას ეტყობოდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ადამიანები მორალურად გაანადგურა", - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენაზე ჩაგდების ფაქტს.
მისი თქმით, "მონაპოვარია იმ ფაქტის დადასტურება, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოვლისშემძლე არ არის".
„პირველ რიგში, მინდა ახალგაზრდებს და ყველა ადამიანს ვუთხრა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, ეს იყო მათი გამარჯვება - შეიძლება მცირე, მაგრამ გამარჯვება და იმის ნიშანი, რომ საქართველო არასდროს აღარ მობრუნდება რუსეთის ორბიტაზე და ეს საქართველოს საზოგადოებამ, ახალმა თაობამ ძალიან ღიად, გასაგებად უთხრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას ეტყობოდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ადამიანები მორალურად გაანადგურა. ჩვენ დიდი გამარჯვება მოსაპოვებელი გვაქვს და ეს გამარჯვება არის ერთიანობით საქართველოს ევროკავშირში შესვლა, კანდიდატის სტატუსის მიღება და რა თქმა უნდა, ოლიგარქიული მმართველობისგან გათავისუფლება. ყველას მინდა მადლობა ვუთხრა. ძალიან ემოციური ვარ, როცა ახალგაზრდებს ვუყურებ და მათზე ვსაუბრობ, ეს არის ის თაობა, რომელიც თავის სამშობლოს წარმოუდგენლად მოყვარული და პატრიოტია. მონაპოვარია ის, რომ საქართველოში არ იქნებიან აგენტები, ვისი შერაცხვაც ჩვენს ხელისუფლებას აგენტებად უნდოდა. ეს არის მონაპოვარი, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ყოვლისშემძლე, ეს არის მონაპოვარი, რომ ჩვენს ხალხს ეკუთვნის ძალაუფლება. წინ დიდი სამუშაო გვაქვს“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის: დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა. დეპუტატი, რომელმაც „აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე დაუჭირა მხარი, დიმიტრი სამხარაძე აღმოჩნდა, რომელიც გამოირჩევა აგრესიული გამოსვლებით.
რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრაზე არ დამდგარა, როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინიციატორებმა უკვე გაიწვიეს.
9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.
მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.


