სალომე სამადაშვილი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ახალგაზრდებმა აიძულეს, ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება გადაეხედათ, ასეთი რამ ამ პარლამენტის ისტორიაში არ არსებობს
10/03/2023 09:20:54 პოლიტიკა
"საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ახალგაზრდებმა აიძულეს, ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება გადაეხედათ, ასეთი რამ ამ პარლამენტის ისტორიაში არ არსებობს", - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ვინც ქვეყნის ევროპულ არჩევანს წინ დაუდგება, პოლიტიკურად განადგურდება.
„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებსაც ქვეყნის ღალატი არ გაუვიდათ, ქართველმა ახალგაზრდებმა არ მისცეს შესაძლებლობა, რომ ქვეყნისთვის ეღალატათ, ბოლომდე მიეღოთ ანტიკონსტიტუციური კანონი, აიძულეს, ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება გადაეხედათ. ასეთი რამ ამ პარლამენტის ისტორიაში არ არსებობს. უმრავლესობის წარმომადგენლები პარლამენტში დილაადრიან შემოიძურწნენ, მიკროფონი არ ჩაურთეს ოპოზიციას, იმდენად შეშინებულები არიან. მინდა, ეს გამარჯვება და მნიშვნელოვანი მონაპოვარი, უპირველესად, ქართველ ხალხს მივულოცო, თუმცა ეს ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია. წინ გველოდება ბევრი ბრძოლა, რათა კიდევ დავიცვათ ეს ქვეყანა მორიგი იერიშებისგან, რომელსაც რუსეთი და მისი მოკავშირეები მიიტანენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. დღევანდელ გამარჯვებას, უპირველესად, ქართველ ახალგაზრდებს ვულოცავ და ვპირდებით მათ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა თანამედროვე ევროპულ ქვეყანაში იცხოვროთ. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ვინც ამ არჩევანს წინ დაუდგება, პოლიტიკურად განადგურდება“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის: დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა. დეპუტატი, რომელმაც „აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე დაუჭირა მხარი, დიმიტრი სამხარაძე აღმოჩნდა, რომელიც გამოირჩევა აგრესიული გამოსვლებით.
რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრაზე არ დამდგარა, როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინიციატორებმა უკვე გაიწვიეს.
9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.
მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.


