კახიანი განმარტავს, რატომ მიიჩნევს შეცდომად „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას
10/03/2023 09:52:32 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა შეცდომა უწოდა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ ამის აღიარება არის მნიშვნელოვანი, ამის შესახებ დეპუტატმა მედიასთან პარლამენტში ისაუბრა და იქვე დააკონკრეტა, რომ შეცდომა იყო არა იმ თვალსაზრისით, რომ კანონპროექტი არ იყო საჭირო, არამედ იმის გამო, რომ, როგორც ჩანს ფართო საზოგადოებისთვის გასაგებად ვერ ახსნეს რას ემსახურებოდა კანონპროექტი.
„ფაქტია, რომ როდესაც ასეთი რეზონანსი მოჰყვება ამას და საზოგადოების მხრიდან ასეთი განწყობა ბუნებრივია შეცდომა იყო ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება. არა იმიტომ, რომ კანონპროექტი თავისი შინაარსით, რომ არ შეესაბამება დღევანდელ ჩვენს ინტერესს, არამედ იმიტომ, რომ როგორც ჩანს ჩვენ ვერ შევძელით საზოგადოებამდე სწორად მიტანა იმის, თუ რას ემსახურებოდა ეს კანონი, რა წერია მასში და იმ დეზინფორმაციამ, პრინციპში, თავის გააკეთა... რომ გავიხსენოთ როგორი თანმიმდევრობა იყო, ანუ გავიხსენოთ როგორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ჩვენ მოვახდინეთ კანონის ინიციირება, ჩვენ კი არა, თავის დროზე მხარი დავუჭირეთ ამის ინიციირებას, იმ გათვლით და იმ დათქმით, რომ ეს გადაიგზავნებოდა ვენეციის კომისიაში. ეს პროცესი, რა თქმა უნდა იქნებოდა დროში გაწერილი პროცესი, დროში ეს შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ნახევარი წელი და ამ ხნის განმავლობაში, ბუნებრივია, იქნებოდა კიდევ მსჯელობა. თუ რამე იქნებოდა ამ კანონში შესაცვლელი, ეს თავისუფლად შეიცვლებოდა შემდგომ ეტაპზე“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.
დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრაზე არ დამდგარა, როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინიციატორებმა უკვე გაიწვიეს.
9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.
მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.


