"მენტალური რევოლუცია", "გაზრდილი ინტერესი და შანსი": "ცხელი" მარტი საქართველოში

10-03-2023 19:19:20 ანალიზი

ქართული საზოგადოების განწყობა, თუ სად ხედავს საკუთარ მომავალს, არაერთ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, აქციებში იკითხებოდა, თუმცა ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა მისი მზაობა, იმოქმედოს, ფიზიკურად დაიცვას ქვეყნის მიერ დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსი, თუ ხედავს შეცვლის საფრთხეს. და ამ პროცესში ძირითად ბირთვად იქცა ახალგაზრდების სიჯიუტე, რომელთაც ბევრი პოლიტიკისადმი ინდიფერენტულობაში სდებდა ბრალს.

„ეს მენტალური რევოლუციაა“,– უზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებას „აქცენტს“ "რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი კახა გოგოლაშვილი „აგენტების“ შესახებ ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული კანონპროექტის გამო ქვეყანაში აგორებული პროტესტზე, რომელიც არ შეწყდა მის წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდების გამოყენების მიუხედავად და მიაღწია პირველ გამარჯვებას – კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას. შემდეგ მიზნად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სახელდება და დაანონსდა კიდეც პერიოდული შეკრებები ხელისუფლებისთვის საკუთარი ვალდებულებების შეხსენების მიზნით, „თვალ–ყურს გადევნებთო“.

„გამოჩნდა, რომ ახალგაზრდობა არის მზად, აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე და რომ ეს არ არის უპასუხისმგებლო თაობა. მაგალითად, რუსეთში ახალგაზრდობამ ეს ვერ მოახერხა. პუტინმა პრაქტიკულად ჩაკლა სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიის სურვილი, ყველანაირი პროტესტი. საქართველოში იყო ანალოგიური მცდელობა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან ახალგაზრდა თაობა აღმოჩნდა ბევრად უფრო პასუხისმგებლობიანი, მტკიცე და ბრძენიც“,– ასკვნის გოგოლაშვილი და განაგრძობს, რომ მათ ეყოთ უნარი, სწრაფად შეეფასებინათ საფრთხე და მოეხდინათ პოზიციონირება:

„ისმის შეფასებები [ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან], „სიცრუის მანქანა ჩაირთოო“ და ა.შ., რაც აბსოლუტურად არაადეკვატურია. უბრალოდ, ახალგაზრდები აღმოჩნდნენ საკმაოდ გაცნობიერებულები, საკმაოდ განათლებულები. მე მგონია, რომ ახლა განათლების რაღაც ახალი ფორმაა – ახალგაზრდები მუდმივად არიან ჩართულები დისკუსიებში, სოციალური მედიის როლმაც დადებითი როლი ითამაშა ამ კუთხით და ინფორმაციულად საკმაოდ მზად არიან. მათ თვითგანათლებით გაუსწრეს ჩვენს განათლების სისტემას და მზად აღმოჩნდნენ იმისთვის, რომ ზუსტად განესაზღვრათ, რა ტიპის საფრთხე ელოდა ქვეყანას, უშუალოდ მათ მომავალს, დადგნენ საჭირო მხარეს და თან მტკიცედ. აი, ეს მოხდა საქართველოში და ვფიქრობ, ეს არის მენტალური რევოლუცია! ამის უკან შემობრუნება, ჩაკვლა, უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ახალგაზრდებში გამოიღვიძა პოლიტიკურმა პასუხისმგებლობამ, თან ვხედავთ, რომ რესურსიც აქვთ – როგორ მეტყველებენ, აყალიბებენ აზრს... უამრავი ახალგაზრდა გამოჩნდა, რომელიც სწორად აზროვნებს, აქცენტებს სწორად სვამს ყოველგვარი ექსტრემალური გამოვლინებების გარეშე, ძალიან რაციონალურად – ცხელი გულით და ცივი გონებით. ამ თაობას გამოკვეთილი აქვს ღირსების გრძნობა. დაინახეს, იყო მცდელობა, მათთვის თავს მოეხვიათ შინაარსგამოცლილი ლოზუნგები, თვლიან მართვად ფარად და ალბათ ეს იყო ბოლო წვეთი. ისინი მოითხოვენ, დაეკითხონ, რას უპირებენ მათ მომავალს“,– აანალიზებს გოგოლაშვილი და ფიქრობს, რომ სწორედ ეს იყო ამ დღეების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი პოლიტიკას ეს თაობა წარუძღვება და შეიყვანს ევროკავშირში საქართველოს“,– დასძენს ის.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მხრიდან ამ ჯერზე უკან დახევას, ფიქრობს, რომ აქ რამდენიმე გარემოებამ ითამაშა არსებითი როლი, მათ შორის:

  • პროტესტმა მოიცვა ყველა სფერო, მათ შორის, საჯარო მოხელეები. ამ უკანასკნელს კი, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, საარჩევნო რესურსად მოიაზრებენ ხელისუფლებები საქართველოში;
  • პარტნიორების მკაფიო პოზიციონირება.

„აშკარად იგრძნობოდა, რომ არის ჩუმი პროტესტი სახელმწიფო ინსტიტუტებში, რომ ის ხალხი არის მომიტინგეების მხარეს და მათ მხარეს, ვინც დემოკრატიას იცავს საქართველოში. გამოჩნდა, რომ ამგვარია საჯარო მოხელეების უმეტესობის განწყობა. ამასთან, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაუპირისპირდა საკუთარ მშობელს – ვინც მხარი დაუჭირა კანონპროექტს და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და შესაძლოა, გადამწყვეტიც კი, შეერთებული შტატების ძალიან მყარი პოზიცია. სახელმწიფო დეპარტამენტი, ვიტყოდი, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყო. პრაქტიკულად, მყისიერად ხდებოდა რეაგირება, არანაირ პაუზას არ ჰქონდა ადგილი და გადაუწყვეტლობას. ბოლოს იმდენად მკაფიო „მესიჯები“ წამოვიდა, რომ პერსონალურად აგებდნენ პასუხს, ვინც საქართველოში დემოკრატიის ჩახშობას აპირებდნენ, ქვეყნის ორიენტაციის შეცვლას – ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებებში აშკარად იგრძნობოდა, რა შედეგები მოჰყვებოდა ხალხის აზრის იგნორირებას და ვფიქრობ, ამანაც შეაშინა მმართველი გუნდი“.

ამავდროულად, გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს შანსები, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება ხელისუფლების შემდგომ ქცევებზე:

„ერთიორად გაიზარდა საქართველოს მიმართ ინტერესი, მოხდა რეაბილიტაცია ქართული საზოგადოების მთელი დემოკრატიული სამყაროს თვალში და ხელის გაწვდენაზე გვაქვს კანდიდატის სტატუსი, თუ მმართველმა ძალამ მორიგი საბოტაჟი არ მოაწყო ამ გზაზე. აქ ხომ ერთ კანონპროექტზე არ იყო ლაპარაკი?! შექმნილი იყო კონტექსტი საქართველოში დასავლეთზე ორკესტრირებული შეტევით. საბოლოო ჯამში „ოცნებამ“ საკუთარი თავის ძლიერი დისკრედიტაცია მოახდინა, მაგრამ გამოიტანეს თუ არა გაკვეთილები? ეს ჯერ კიდევ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება და არ ვიცით, რას მოიმოქმედებს მომავალში. კანდიდატის სტატუსის მიღება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, როგორი პოლიტიკა იქნება – რეალურად გააკეთებს ხელისუფლება ყველაფერს 12 პუნქტის შესასრულებლად, თუ კვლავ გააღვივებს საზოგადოებაში პოლარიზაციას და გააგრძელებს ევროსკეპტიციზმის დათესვას იქ, სადაც შეუძლია“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები