ირაკლი ღარიბაშვილი: "ჩვენი მიზანი ამ კანონის მიღებით ეროვნული უსაფრთხოების დაცვა იყო"
12/03/2023 16:21:33 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კანონპროექტის გაწევვა იყო სახელმწიფოებრივად სწორი და გონივრული გადაწყვეტილება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დაცვა იყო მთავარი მიზანი, როდესაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვაზე დაიწყო საუბარი.
პრემიერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არა დესტრუქციული არამედ, ექსტრემისტული ორგანიზაციაა“.
„როდესაც ინიციატივა განვიხილეთ, დავიწყეთ სხვა ანალოგიების შესწავლა და სამაგალითო სახელმძღვანელო იყო ამერიკული კანონი. ვიცით სხვა მაგალითებიც ევროპაში. რამდენიმე კვირის წინ ასევე დაემთხვა, რომ ევროპარლამენტში მოხდა ანალოგიური კანონპროექტის ინიცირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში და კანონპროექტის მიზნები განმარტა.
ღარიბაშვილის თქმით, ბევრი არასამთავრობოს საქმიანობა ბურუსით მოცული და გაუმჭვირვალეა.
„ემოციური დღეეები გადავიტანეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა სახელმწიფოს სიმტკიცე და სიძლიერე, ხელისუფლების გონიერება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.
პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, მიუხედავად საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტისა და მოწოდებებისა უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ.
მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა "უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი" 9 მარტს ჩააგდო. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.


