Accentnews.ge
ჯაფარიძე – უნდა ავარჩიოთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, მიმდინარეობს კონსულტაციები

ჯაფარიძე – უნდა ავარჩიოთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, მიმდინარეობს კონსულტაციები

13/03/2023 07:59:00 პოლიტიკა

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, "გასულმა დღეებმა აჩვენა, რომ ქართული ოცნების სისტემა არც ისე ძლიერია და არსებობს გზა, როგორ შეიძლება მისი უკან დახევა".

როგორც ჯაფარიძემ პარტიების — “გირჩი — მეტი თავისუფლების”, “დროასა” და “სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, მიმდინარეობს კონსულტაციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, რომ "შერჩეული იქნას კონკრეტული ნაბიჯები, მოთხოვნები, რათა "ოცნების" სისტემამ უკან დაიხიოს".

"გასულმა დღეებმა აჩვენა, რომ სისტემა, რომელსაც ვებრძვით არც ისე ძლიერია და არსებობს გზა, როგორ შეიძლება, ამ სისტემას დავახევინოთ უკან. ეს იყო ერთი ბრძოლა და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ივანიშვილმა უკან დაიღო რუსული კანონი, მაგრამ ბრძოლა გრძელდება და გვესმის, რომ საზოგადოებაში არის ძალიან მაღალი მოლოდინი, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი და გვესმის, რომ ეს პასუხისმგებლობა არის პოლიტიკურ პარტიებზე. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რამ მოიტანა ეს გამარჯვება. ჩვენი აზრით, ეს იყო ის, რომ იყო ძალიან გასაგები კონკრეტული მოთხოვნა, რა იყო გასაკეთებელი, ეს იყო დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაფიო, არაორაზროვანი გზავნილები, რა იყო გასაკეთებელი და რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იყო სრული კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით მთელი საზოგადოების.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ ქვეყანას ახლა არ აქვს, არც ამაზე მნიშვნელოვანი ისტორიული შანსი ამ ქვეყანას ახლა არ აქვს. ფორმულა გვაქვს, ვნახეთ წინა დღეებში, როგორ არის შესაძლებელი, რომ სისტემამ უკან დაიხიოს. ამ ფორმულის გამოყენებით, უნდა ავარჩიოთ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, კონკრეტული მოთხოვნები და უნდა ვცადოთ, ყველამ ერთად კონსოლიდაცია, როგორც საგარეო ფრონტზე, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან გასაგები გზავნილები იყოს და უნდა ვცადოთ კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, ყველა პოლიტიკური ძალის, სამოქალაქო სექტორის და ცნობადი სახეების. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს კონსულტაციები, ვაპირებთ ამ კონსულტაციების გაგრძელებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ", – განაცხადა ჯაფარიძემ.

თსვის მხრივ, “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ "ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ომი გრძელდება".

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ კანონის სახით ერთი წინაღობა მოცილებულია, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, საბოლოო ჯამში ევროპული პერსპექტივის დაბრუნება, რის ბარიერადაც დღემდე დგას ქართული ოცნება. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო კონსოლიდაციასა და საერთაშორისო მხარდაჭერას. და ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლის შემსრულებლის პასუხისმგებლობას, რომ ყველა ის მოთხოვნა, რაც აუცილებელია ჩვენი კანდიდატობის მისაღებად, მკაფიოდ ჩამოყალიბდეს და იგივე კონსოლიდაციით შევუტიოთ მთავრობას”, – დასძინა ხოშტარიამ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლების “თაღლითური კანონები” ამიერიდან აღარ გავა:

"უნდა იყოს სწორედ ისეთი ინიციატივები, რომელიც ამ მოთხოვნებს შეასრულებს. რა არის ამ მოთხოვნების შინაარსი: არა რუსულ და კლანურ სასამართლოს; არა იმ საარჩევნო სისტემას, რომლითაც არჩევნებს აყალბებთ; არა ოლიგარქიას; არა პოლიტპატიმრებს. სწორედ ამ შინაარსთან დაკავშირებით ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები როგორც პოლიტიკურ სპექტრთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S