13-03-2023 18:44:27 პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის ჟოზეფ ბორელის პრეს–სპიკერი განმარტავს, რატომ ჰქონდა რეაგირება ევროკავშირს საქართველოში ინიცირებულ „აგენტების" შესახებ კანონპროექტებზე.
მას ბრფინგზე ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაგირება საქართველოში ინიცირებულ „უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე“ და რატომ არ აქვს მსგავსი რეაგირება ისრაელში ინიცირებულ სასამართლო რეფორმაზე. კითხვის საპასუხოდ სტანომ შემდეგი განაცხადა:
"როდესაც ჩვენ გვქონდა რეაგირება "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე საქართველოში, ამას ჰქონდა მარტივი მიზეზი – საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა და ევროკავშირმა ამას უპასუხა მათი განაცხადის აღიარებით, განსაზღვრა 12 პრიორიტეტი, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს. მხოლოდ ერთი კანონპროექტით საქართველომ მოახერხა და დაარღვია ამ 12 პრიორიტეტიდან ორი. მგონი, ცხადია, რატომ მოახდინა ევროკავშირმა რეაგირება“, – განაცხადა პიტერ სტანომ.
თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა აქციები იმ კანონპროექტების წინააღმდეგ, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, "ხალხის ძალის" მიერ იყო ინიცირებული. ამ კანონპროექტების მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევდა ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც შემოსავლის მინიმუმ 20 პროცენტს იღებდნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის აშშ-ის საელჩოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან. ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა. კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო.