ელენე ხოშტარია – შსს და სუს-ი მშვიდობიან დემონსტრანტებს გამოკითხვაზე იბარებენ
13/03/2023 08:57:12 პოლიტიკა
'დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შსს და სუს-ი მშვიდობიან დემონსტრანტებს გამოკითხვაზე იბარებენ. ამის შესახებ მან პარტიების — “გირჩი — მეტი თავისუფლების”, “დროასა” და “სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს-მ და სუს-მა დაიწყეს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაბარება გამოკითხვაზე. პირველი, რაც უნდა ვუთხრა ხელისუფლებას: კატეგორიულად გაფრთხილებთ, რომ არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის, იმ ადამიანების დაბარება შსს-ში და დევნაზე ფიქრიც კი, რომლებმაც ამ დღეებში დაიცვეს ევროპული მომავალი. მეორე, დამნაშავეები ძალადობაში ხართ თქვენ და თუ ვინმე არის დასასჯელი, არიან ის მოძალადე პოლიციელები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს", - განაცხადა პარტია „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციური პარტიები მოქალაქეებს დახმარებას ჰპირდებიან.
12 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს შსს-ს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პარლამენტთან აქციებზე დაკავებულ იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს და აცხადებენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას.
2023 წლის 2-3 მარტსა და 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 169 პირი დააკავა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ყველა პირის მიმართ, რომელთა საქმეებიც ამ დრომდე სასამართლოს არ განუხილავს, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კი სთხოვეს უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და სხვა შემთხვევების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.


