კობახიძე - 2003 წლის რევოლუციამ მოიტანა დემოკრატიული უკუსვლა, ქვეყნის 20%-ის დაკარგვა
14/03/2023 07:28:27 პოლიტიკა
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტზე საუბრის დროს გაიხსენა 2003 წლის რევოლუცია, როცა "მოქალაქეთა კავშირი" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ შეცვალა.
"NGO-ების მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში 2003 წელსაც უკვე შედგა რევოლუცია, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ავტორიტარიზმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოუტანა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ უცხოური გავლენის აგენტის ხელით "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას ჩვენ არასოდეს დავუშვებთ. კანონპროექტი, რომელის ერთადერთი მიზანიც არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვივალობის უზრუნველყოფა იყო, ამოქმედების გარეშეც გახდა ნამდვილი აგენტების ლუსტრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი", - განაცხადა კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ამოქმედების შემთხვევაში, უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას დაავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა.
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს 7-9 მარტს საქართველოში მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელშიც სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ. საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის, პილპილის აეროზოლის, ცრემლმდენი აირისა და სხვა საშუალებების გამოყენებით არაერთი დემონსტრაცია დაშალეს. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ წყდებოდა. შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ 9 მარტს გამოაცხადა, რომ კანონპროექტს გაიწვევდა. 10 მარტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი „ჩააგდო“. მის ალტერნატივად დარეგისტრირებული პროექტი კი პარლამენტიდან გაიხმო.


