ვარჰეი – "აგენტების" კანონპროექტის გაწვევაზე: "პოზიტიური ნიშანია, ახლა საქმის დროა”
14/03/2023 19:08:59 პოლიტიკა
ევროკომისარმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ ევროპის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ქართველებს აქვთ მომავალი ევროკავშირში".
ვარჰეის გამოსვლამ გახსნა დებატები, რომელიც საქართველოში ე.წ. "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონის მიღებას და მის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებს ეხება.
ვარჰეის თქმით, "ათასობით ქართველმა გამოიყენა მშვიდობიანი შეკრების უფლება" და მან ორივე კანონპროექტის საბოლოო გაწვევას "დამაიმედებელი და პოზიტიური ნიშანი” უწოდა.
"ქართველი ხალხის სრულმა უმრავლესობამ გამოთქვა სურვილი, შეურთდეს ევროკავშირს. იგივე გააკეთა ხელისუფლებამ. ახლა საქმის დრო მუშაობა უნდა გაგრძელდეს ევროკომისიის მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებზე და რეფორმებზე” - თქვა ოლივერ ვარჰეიმ და დასძინა, რომ საქართველოს პროგრესს შემოდგომაზე შეაფასებენ.
ევროკომისარი ყოფილი პრეიზდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ სააკაშვილის უფლებების დაცვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. გარდა ამისა, თქვა, რომ “ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს პარტნიორებს, მათ შორის უზრუნველყოს მისთვის [სააკაშვილისთვის] სამედიცინო მომსახურება".


