წიგნი "ლუციფერის მხილება" პარლამენტში - რით ხსნის აპარატი?
15/03/2023 09:43:43 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის აპარატში აცხადებენ, რომ სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს.
როგორც პარლამენტის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია.
„სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს.
განვმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება.
პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები.
საქართველოს პარლამენტის აპარატის კანცელარია არ ახორციელებს კორესპონდენციების გადარჩევას, არ ახდენს ადრესატების ფილტრაციას და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე, პარტია „ლელოს“ წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს ანტიამერიკული კონსპირაციების და ანტისემიტური შინაარსის მქონე წიგნი – „ლუციფერის მხილება“ დაურიგდათ.
წიგნი 2022 წელსაა გამოშვებული და ამერიკის შეერთებული შტატები შედრებულია ლუციფერთან. წიგნი ასევე გაჯერებულია ანტისემიტური შინაარსით, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კონსპირაციის ნაწილად არიან მოხსენიებულები და ა.შ..


