Accentnews.ge
ოპოზიცია – უნდა ჩავარდეს ყველა ის კანონპროექტი, რომელსაც ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნა აქვს

ოპოზიცია – უნდა ჩავარდეს ყველა ის კანონპროექტი, რომელსაც ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნა აქვს

15/03/2023 11:14:50 პოლიტიკა

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ უნდა ჩავარდეს ყველა ის კანონპროექტი, რომელსაც ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნა აქვს.

„ვენეციის კომისიის დასკვნა ცალსახად უარყოფითია. კომისია საკუთარ დასკვნაში ამბობს, რომ კანონპროექტი ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება, ახდენს სტიგმატიზებას - შესაძლოა რეპრესიული ინსტიტუტების მიერ იმ ადამიანების განპირობება მოხდეს, რომელიც შესაძლოა ამ კანონის მოქმედების ქვეშ მოხვდეს. გარდა ამისა, უკრაინაში არის სხვა რეალობა, საქართველოში - სხვა და ეს თქვა ვენეციის კომისიამ. ესეც ჩვენ ნათქვამს დაემთხვა. ვენეციის კომისია საკუთარ დასკვნაში ყურადღებას სისტემურ რეფორმებზე ამახვილებს, მათ შორის არის ის, რომ სახელმწიფოს მიტაცება და ოლიგარქიული მმართველობა ნიშნავს იმას, რომ დიდი ნაკლოვანებები და ხარვეზები არის ყველა ინსტიტუტში. პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი ისევე უნდა ჩააგდოს, როგორც მას რუსული კანონის ჩაგდება მოუწია - უნდა ჩავარდეს ყველა ის კანონპროექტი, რომელსაც ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნა აქვს და არის წინაღობა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის", - განაცხადა ენმ–ის წევრმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

"ლელოს" წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ "დეოლიგარქიზაციის" შესახებ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ის იქნება გამოყენებული რეპრესიის მექანიზმად და იქნება მორიგი დივერსია ქვეყნის წინააღმდეგ ევროინტეგრაციის გზაზე.

"გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ურცხვად მოიტყუა, როცა საზოგადოებას უთხრა, რომ პოზიტიური დასკვნებია ჩამოსული. მე ხელთ მაქვს ორივე დასკვნა, ორი მტკიცებულება იმის, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას.

სასამართლო რეფორმასთან მიმართებით დასკვნაში ხაზგასმით წერია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციაა მასშტაბური რეფორმის განხორციელება მათ შორის იუსტიციის საბჭოში და არა მხოლოდ, ხოლო ის, რაც გაგზავნა "ქართულმა ოცნებამ", არის ფასადური და იმდენად მცირე მასშტაბით, რომ ვერ პასუხობს ევროკავშირის რეკომენდაციებს და ვერც ვენეციის კომისიის წინა 4 დასკვნაში მითითებულ კრიტიკული მნიშვნელობის საკითხებს.

მეორე კანონპროექტი ეს არის "დეოლიგარქიზაციის შესახებ", რასთან მიმართებაშიც კომისია ამბობს, რომ ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა, არის პერსონიფიცირებული მიდგომა, ხოლო კომისია უპირატესობას ანიჭებს და რეკომენდაციას უწევს სისტემურ მიდგომას. პირდაპირ წერია დასკვნაში, რომ პერსონიფიცირებული მიდგომა დეოლიგარქიზაციის, შეიძლება დევნის და რეპრესიების მექანიზმად იქნას გამოყენებული, მით უფრო ისეთი სუსტი დემოკრატიის პირობებში, რაც საქართველოშია.

ამ ორივე დასკვნაში სადმე თუ ნახავს პაპუაშვილი პოზიტიურ პარაგრაფს, გვაჩვენოს საჯაროდ! ფაქტია, "ქართული ოცნება" ტყუოდა ამ თვეების განმავლობაში. ის ქმნიდა სამუშაო პროცესის იმიტაციას, რომლის შედეგიც ვიხილეთ. ამ დასკვნაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ არათუ რეკომენდაციის შესრულება ვერ იქნება, არამედ შეიცავს საფრთხეებს, რომ ის გადაიქცეს რეპრესიების მექანიზმად და იქნება მორიგი დივერსია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის", – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, "ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ არავინ ტყუვდება „ქართული ოცნების“ მოგონილი იაფფასიანი ტყუილებით":

„თუ გვინდა, რომ საქართველო არ იმართებოდეს გაუკუღმართებულად, როგორც ახლა იმართება ერთი ადამიანის მიერ და გვინდა, რომ არც ბიძინა ივანიშვილი და არც სხვა არ მართავდეს ამ ქვეყანას გაუკუღმართებულად, გვჭირდება გამართული ინსტიტუციები, სადაც მთავრობა მთავრობას ემსგავსება, სასამართლო სასამართლოს, პარლამენტი პარლამენტს. ვენეციის კომისიამ ზუსტად ეს გვითხრა. ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ თავისუფალი სასამართლო და გამჭვირვალე პროკურატურა თუ გვეყოლება, ვერანაირი ოლიგარქია ვერ იქნება. ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ არავინ ტყუვდება „ქართული ოცნების“ მოგონილი იაფფასიანი ტყუილებით, ვითომ ამ კანონს ასე მივიღებთ და თურმე სასამართლოში „ვინდოუსებს“ რომ გადააყენებენ, ეს იქნება სასამართლოს თავისუფლებისკენ ნაბიჯი. ყველა ყველაფერს კარგად ხედავს. დეოლიგარქიზაციაზე გვითხრეს, რომ ეს რეპრესიებს შეუწყობს ხელს, არ მოაგვარებს იმ პრობლემას, რისთვისაც იქმნება. ის, რომ ქვეყანა ოლიგარქიულად, გაუკუღმართებულად იმართება, ეს კანონი ამას ვერ მოაგვარებსო და ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, კრიტიკული აზრი ჩაახშოს და რეპრესიებისთვის იქნება გამოყენებული“.

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ "ვერც ერთი ცალკე აღებული კანონი პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის ბუნებას ვერ და არ შეცვლის".

"ამ კანონითაც ჩანს, თუ როგორ უტიფრად ექცევიან ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ამ პროცესს. მაგრამ ზოგადად ყველას უნდა ესმოდეს, ცალკე ერთი კანონი რომც არ გამხდარიყო ვენეციის კომისიის კრიტიკის საგანი, ამ რეჟიმის ბუნება ისეთია, რომ მისი გამოცვლის გარეშე რაიმე რეფორმირება ერთი კანონით, ან ზოგადად კანონმდებლობით არის შეუძლებელი. ეს ქვეყანა ივანიშვილის მიერ კანონებითა და კონსტიტუციებით არ იმართება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვენეციის კომისიამ 14 მარტს ორი კანონპროექტის შეფასება გამოაქვეყნა – დეოლიგარქიზაციის და სასამართლო რეფორმის. ორივე კანონპროექტი ევროკომისიის 12 პუნქტის ფარგლებში შემუშავდა და საბოლოო მიღებამდე ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გადაეგზავნა.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები არ უზრუნველყოფს სასამართლოს მთლიან რეფორმას და 2019-2022 წლებში მათ მიერ გაცემული ძირითადი რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია. "დეოლიგარქიზაციის" კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისია აცხადებს, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება არა სისტემურს, რომელიც ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას მოემსახურებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, ეუთო/ოდირი დასკვნას სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს. პარლამენტი კანონპროექტების განხილვას ამის შემდეგ განახლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S