კატერინა მატერნოვა - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე
15/03/2023 18:23:18 პოლიტიკა
12 პირობის შესრულების გარეშე საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა კატარინა მატერნოვამ საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯები საკმარისი არ არის.
“ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც [საქართველოს] საგარეო საქმეთა მინისტრსაც და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ვუთხარი, არის ის, რომ ევროკავშირში წევრობისთვის საჭიროა არა მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯები, არამედ ეს ასევე ეხება პოლიტიკურ კულტურას, კომპრომისების მიღწევის შესაძლებლობას და თანამშრომლობას, ამ შემთხვევაში ამ 12 ევრორეკომენდაციის შესასრულებლად. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით [საქართველო] მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე ეს არ მოხდება და ამის მისაღწევად საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ”, - განაცხადა მატერნოვამ.


