"თუ ქისტი ხარ, გვერდზე მიგითითებენ": პანკისის ხეობის მკვიდრები დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობენ

16-03-2023 19:44:41 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

16 მარტს დუისის ცენტრში პანკისის ხეობის ათობით მკვიდრი შეიკრიბა იმ პრობლემების თაობაზე ხელისუფლებისთვის ხმის მისაწვდენად, რომელთაც ადგილობრივების თქმით, განსაკუთრებით ბოლო ერთი წელია, აწყდებიან, თუმცა როგორც ჩანს, პროტესტს იმპულსი ახალგაზრდა ქალისადმი დამოკიდებულებამ მისცა. კერძოდ, აქციაზე გაიჟღერა, რომ სამი დღეა, ქუთაისის აეროპორტში მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფება 23 წლის ქალი, წარმოშობით პანკისელი, ამჟამად საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქე ლეილა ქავთაროვა, რომელიც საფრანგეთიდან ბრუნდებოდა საქართველოში, თუმცა არ შემოიშვეს.

ადგილობრივები ხაზგასმით ამბობენ, რომ საზღვარზე პრობლემები ექმნება თითქმის ყველა პანკისელს და მათ აქვთ განცდა, რომ აქ მთავარი განმსაზღვრელი სწორედ დაბადების ადგილია.

„ქუთაისის აეროპორტში გააჩერეს ერთ–ერთი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ბრუნდებოდა საფრანგეთიდან სამი წლის შვილთან ერთად. ახლა რეისის დანიშვნას ელოდებიან, რომ უკან გააბრუნონ. ეს არ არის პირველი შემთხვევა! მოგეხსენებათ, მათ შორის პანკისის ხეობიდან უამრავი ადამიანია გასული ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სამუშაოდ თუ საცხოვრებლად და ყოველ მესამე ადამიანს ეხება ეს პრობლემა: როდესაც ბრუნდებიან, უმეტესობას უკან აბრუნებენ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე! ეს დისკრიმინაცია, უსამართლობაა! ამიტომ გვინდა, რომ ჩვენი ხმა აღმასრულებელ ხელისუფლებამდე მივიდეს“,– უამბო ჟურნალისტებს აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.

როგორც მწერალი ხასო ხანგოშვილი ამბობს, რომ დამოკიდებულებამ განსაკუთრებით დისკრიმინაციული სახე ბოლო ერთი წელია, მიიღო და ამ დრომდე უშედეგოა ხელისუფლებასთან კომუნიკაციის მცდელობა:

„წელიწადზე მეტია, ეს პრობლემა დგას. ყველანაირად ვცდილობთ, მოვაგვაროთ, არც ხელისუფლებას ჰქონდეს უხერხულობა, თუმცა უშედეგოდ. ზოგადად, როდესაც ქისტები შემოდიან ქვეყანაში, აუცილებლად მიუთითებენ კაბინეტზე, რომლის მოსაცდელში სკამებიც არ არის, რენტგენზე უნდა გაგატარონ... მოკლედ, დისკრიმინაციული მიდგომაა, რასაც არანაირი შეხება არ აქვს დემოკრატიასთან!“.

იმავეს ადასტურებს „აქცენტთან“ ადგილობრივი აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი საკუთარი გამოცდილებით. ის იხსენებს, რომ თუ მანამდე მხოლოდ ქვეყნის დატოვებისას უქმნიდნენ პრობლემებს, ბოლო პერიოდში იგივე დამოკიდებულებასთან გამკლავება სამშობლოში დაბრუნების დროსაც უწევს:

„პანკისის ხეობის მკვიდრებს მასობრივად აქვთ პრობლემები საზღვრის კვეთის დროს. მაგალითად, თუ პანკისის ხეობის მკვიდრმა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და უწყდება საქართველოს მოქალაქეობა, აღდგენაზე ძირითად შემთხვევებში უარს ეუბნებიან და შანსი იმისა, რომ საქართველოში აღარ შემოუშვან, ძალიან მაღალია. ხოლო თუ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ხარ, მზად უნდა იყო საზღვარზე ხანგრძლივი დროით ყოველგვარი განმარტების გარეშე დაყოვნებისთვის. ადრე ქვეყნის დატოვებისას იყო მსგავსი დამოკიდებულება, ახლა უკან შემოსვლის დროსაც იგივე ხდება – მიგითითებენ ადგილს, „მანდ დადექიო“, ამ დროს უამრავი ტურისტი, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საზღვარს ჩვეულებრივ კვეთენ, შენ კი მარტო რჩები და ელოდები ვიღაცის პასუხს. აი, მე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა მაქვს. ცხადია, ვერსად გამაბრუნებენ, რომც უნდოდეთ, არ აქვთ უფლება – თუ რაიმე დავაშავე, უნდა დამაკაონ, ან შემიშვან ქვეყანაში, მაგრამ თუ ნერვებმა არ მიმტყუნა და მშვიდად ვემორჩილები ყველა მითითებას, ამდენი მგზავრიდან ყველაზე ბოლო გადავკვეთ საზღვარს და ისიც ყოველგვარი განმარტების გარეშე. ძალიან შეურაცხმყოფელია! მე ხშირად ვმგზავრობ და ყოველ ჯერზე მსგავსი თავგადასავალი მაქვს“.

ის ფიქრობს, რომ მსგავსი პრაქტიკა არა უშუალოდ მესაზღვრეების ინდივიდუალურ დამოკიდებულებას, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიდგომებს უკავშირდება, თუმცა კონკრეტული მიზნები ბუნდოვანია. ასევე დარწმუნებულია, რომ მთავარი ფაქტორი ეთნიკური წარმომავლობაა. ბორძიკაშვილს მაგალითად მოჰყავს მეგობარი ქართველის გამოცდილება: „ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურიდან იყო, „ქისტი ხარო“ – ეუბნებოდნენ და აყოვნებდნენ“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ გამოხმაურებია ბრალდებებს, პანკისის ხეობის მკვიდრები კი ხელისუფლებისგან განმარტებებს მოითხოვენ და სახალხო დამცველის აპარატსაც მოუწოდებენ, დაინტერესდეს საკითხით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები