შალვა პაპუაშვილი დასავლეთს საქართვლოში პოლარიზაციის წახალისებაში ადანაშაულებს
20/03/2023 08:44:08 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დასავლეთს საქართვლოში პოლარიზაციის წახალისებაში ადანაშაულებს იმის გამო, რომ ევროსტრუქტურებში "რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს" იღებენ და "რადიკალურ დაჯგუფებებს აფინანსებენ".
"სამწუხაროდ, არის ერთი მომენტი და მე ამაზე ვთქვი კიდეც, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როცა ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელის და სტრასბურგის კორიდორებში. ეს არის პირდაპირ წახალისება რადიკალიზმისა და რა თქმა უნდა, თუკი რადიკალიზმი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე საუბარი შესაძლებელი არ იქნება. ამიტომ მე ვწუხვარ, სხვა დროსაც იყო ეს შემთხვევა და მაშინაც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ეს, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ, რომ ერთის მხრივ, საუბრობდე, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს დეპოლარიზაციისთვის და მეორეს მხრივ, ამ დეპოლარიზაციის ბორბალში ჯოხს დებდე იმით, რომ რადიკალებს ახალისებდე, იქნება ეს შეხვედრებით, თუ სხვა მხრივ, ეს რა თქმა უნდა, ძალნი იმედგამაცრუებელია. ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა აძლევს დამატებით ენერგიას რადიკალურ ჯგუფებს და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გააცნობიეროს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, საქართველოში პოლარიზაციის მხრივ საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ თავისი წვლილი, ამიტომ ყველა აქტორმა უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა", – აცხადებს პაპუაშვილი.
მისი თქმით, "მეორე არის დაფინანსების საკითხი, რომელიც მიედინება რადიკალურ ჯგუფებში". როგორც მან აღნიშნა, ევროპელების მიერ საქართველოში პოლიტიკური პარტიის დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა.
ამ კონტექსტში იგი "დროას" ასახელებს. მისი თქმით, "დროას" გარდა, "ევროპულ საქართველოს", "გირჩს" და სხვებსაც აქვთ შექმნილი ორგანიზაციები, რომლებიც ევროპიდან ფინანსდებიან და ეს აკრძალულია ჩვენი კანონმდებლობით.
"არის შექმნილი სტრუქტურები, რომ გვერდი აუარონ საქართველოს კანონმდებლობას და დაფინანსდნენ უცხოური წყაროებიდან. ამაზე განმარტება უნდა გააკეთონ, როგორც თავად პარტიებმა, ისე იმ ყალბმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც მათ მიერ არის დაფუძნებული. ასევე – ევროპულმა შესაბამისმა ინსტიტუტებმა, რომლებიც გაუმჭვირვალედ დებენ ფულს ქართულ პოლიტიკაში", – აცხადებს პაპუაშვილი.


