პაპუაშვილი – ტურაშვილის შესახებ: "ძალიან სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფერის მიღება"
20/03/2023 09:50:30 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მწერალ დავით ტურაშვილის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიასთან ხელისუფლებას და მმართველ პარტიას რამე კავშირი არ აქვს.
"რაც შეეხება დავით ტურაშვილს ეს არის საბოლოო ჯამში შედეგი ამ ზიზღის კამპანიისა. სამწუხაროდ, სოციალურ მედიას თავისი უარყოფით მხარე აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფერის მიღება და ვუსურვებ რომ მალე გამოჯანმრთელდეს და მოძლიერდეს. ამავე დროს რთულია არ დაინახო ის ფარისევლობა, ვინაიდან ის ტელევიზიაში გამოდიოდა, იმავე ტელევიზიაში, იმავე სტუდიაში ან გვერდით სტუდიაში, რაც თვეების განმავლობაში ხდება. სწორედ ეს გესლი, რომელიც ამ მედიიდან მოედინება … გაიხსენეთ თორნიკე შენგელიას ამბავი, გაიხსენეთ ხვიჩა კვარაცხელიას ამბავი, შემთხვევით იგივე სტუდიიდან ხომ არ მიდოდა ამ ადამიანების მორალური განადგურების მცდელობა. ეს ადამიანები, რომლებიც ამ გესლის და შხამის შეტანას ცდილობენ ქართულ პოლიტიკასა და საზოგადეობაში და ეს ადმიანები რომ აღშფოთდებიან ხოლმე, ეს არის ყველაზე დიდი ფარისევლობა", – განაცხადა პაპუაშვილმა.
მწერალი დათო ტურაშვილი "აგენტების" შესახებ კანონპროექტების კრიტიკის გამო მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ტელეკომპანია „ფორემულას“ გადაცემაში „მე-17 სართული“ გამოეხმაურა. დათო ტურაშვილი ემოციური გამოსვლის შემდეგ ტელეკომპანიაში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც იგი კლინიკაში გადაიყვანეს. გუშინ მწერლის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა იგი კლინიკაში რჩება.


