ზურაბ აზარაშვილი თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ: "ცვლილებები არ იგეგმება"
20/03/2023 11:54:30 პოლიტიკა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ მის თანამდებობასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება. ამ თემაზე მან კითხვას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა.
"ის ძალიან დიდი რეფორმები, რაც ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში დავიწყეთ, როგორც ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგების კუთხით, ასევე, კლინიკური სექტორის მოწესრიგების კუთხით, რასაკვირველია, მესმის, რომ ძალიან მძიმეა და დაურეგულირებელი ბაზარი გაცილებით მეტ შესაძლებლობებს იძლეოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს საბოლოო ჯამში გვაძლევდა იმ მიუღებელ ხარისხს რაც იყო სამედიცინო სექტორში, ასევე, ფარმაცევტულ პროდუქციაზე საკმაოდ დიდ ფასებს, აქედან გამომდინარე, მე მესმის რომ ეს სპეკულაციები, რაც შეიძლება არსებობდეს ჩემი თანამდებობიდან წასვლის შესახებ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მოდის აქედან. ეს შემიძლია დაგიდასტუროთ", - განაცხადა აზარაშვილმა.
ცნობისთვის: მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი "პოსტს" ტოვებდა და მას ამ თანამდებობაზე კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი შეცვლიდა.


