„ეს პირველი ნაბიჯია“: ისტორიული ორდერის სამართლებრივ–პოლიტიკური ასპექტები

20-03-2023 17:06:11 ანალიზი

საერთაშორისო სამართალმა დაიწყო მუშაობა ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ,– ასე აფასებენ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მათ შორის, კრემლის ლიდერის წინააღმდეგ დაკავების ორდერის გაცემას ბავშვების უკრაინიდან რუსეთში დეპორტაციის საქმეში მისი როლის გამო. ამ ეტაპზე რუსეთის პუტინი ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას აქვს როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური განზომილება და თანმდევი შედეგები, რაც დროთა განმავლობაში გახდება თვალსაჩინო. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ამ ეტაპზე დანამდვილებით შეიძლება, ითქვას შემდეგი:

  • გაცემულია ორდერი პირის დაკავებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირი კონკრეტული სახელმწიფოს მეთაურია;
  • მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ აქვს რატიფიცირებული რომის სტატუტი, ამ სასამართლოს წევრ ნებისმიერ ქვეყანას (123 სახელმწიფოს), რომლის ტერიტორიაზეც ფეხს დადგამს პუტინი, აქვს მისი დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის ვალდებულება. ვალდებულების დარღვევას მოსდევს პოლიტიკური შედეგები კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, იქნება პოლიტიკური ზეწოლა.

მიუხედავად კრემლის პროპაგანდის მცდელობისა, დააკნინონ გაცემული ორდერის მნიშვნელობა, სპეციალისტები ცალსახად მიუთითებენ, რომ სისხლის სამართალში მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილება არაა ფორმალური, რომ ის შეიძლება, გარკვეულ ეტაპზე არ აღსრულდეს, მაგრამ მუდმივად იქნება მისი აღსრულების მცდელობები. ამ კონტექსტში ხშირად იხსენებენ იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტს სლობოდან მილოშევიჩს, რომელიც 2006 წელს ჰააგაში, თავის საკანში გარდაიცვალა.

რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, საგარეო პოლიტიკის საკითხთა მკვლევრის გიორგი ბილანიშვილის დაკვირვებით, გადაწყვეტილებით ხაზი გაესვა, რომ „დასავლეთი არ აპირებს გაჩერებას და გეგმავს, საკადრისად აგებინოს პასუხი პუტინს ჩადენილისთვის“:

„თუ ვისაუბრებთ დაკავების ორდერზე, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და გადაწყვეტილება გარდა სამართლებრივისა, სწორედ რომ პოლიტიკურადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან აჩვენებს,

  • რომ შემდგომში კიდევ უფრო მკაფიო ნაბიჯები გადაიდგმება იმ სხვა დანაშაულებთან მიმართებით, რაც ჩადენილი აქვს რუსეთის ხელისუფლებას;
  • დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის არა მხოლოდ პოლიტიკურ, სამხედრო მხარდაჭერას;
  • გააგრძელებს რუსეთზე პოლტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას.

მოცემულ ეტაპზე ჩანს, რომ დასავლეთი გადაწყვეტილებაში მყარია. რუსეთმა კი ყველა დაარწმუნა, რომ ამ რეჟიმთან მოლაპარაკება შეუძლებელია!“.

მნიშვნელოვანი დეტალი: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრები არ არიან მაგალითად, აშშ, რომელიც აქტიური მხარდამჭერია უკრაინის; ისრაელი, რომელიც ერთგვარ ნეიტრალურ პოზიციას ჯერ კიდევ ინარჩუნებს ამ ომში; ინდოეთი და ჩინეთი, რომლებიც არ შეუერთდნენ დასავლურ სანქციებს და მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობაში არიან რუსეთთან; თუმცა წევრია თურქეთი, რომელიც რუსეთ–უკრაინის ომში შუამავლის როლის მორგებას ცდილობს. პროცესზე დამკვირვებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ გაცემულ ორდერს ერთგვარი პრევენციული ხასიათიც მნიშვნელობაც ექნება – პოლიტიკურ ლიდერებს მოუწევთ, დაფიქრდნენ, ვიდრე ხელს ჩამოართმევენ სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილს. თუმცა განსხვავებული ხედვა აქვს ბილანიშვილს. კერძოდ, ის იზიარებს შეფასებას, რომ გადაწყვეტილება გრძელვადიან კონტექსტში მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ეტაპზე არ ელის, ავტორიტარულ რეჟიმებზე მნიშვნელოვნად იქონიოს გავლენა ვლადიმირ პუტინის რეპუტაციამ და პერსპექტივამ, მაგრამ ფიქრობს, რომ აუცილებლად იქონიებს გავლენას დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებზე, არის რა ამ ფიგურების პოლიტიკური კარიერა დამოკიდებულია საზოგადოებრივ განწყობებზე.

დაახლოებით მსგავსი მოსაზრება აქვს ცნობილ რუს ჟურნალისტ ალექსეი ვენედიქტოვსაც:

„ეს ძლიერი სიმბოლური აქტია, რომელიც ქმნის გარემოს საერთაშორისო განსჯისთვის. გარდა ამისა, მაგალითად, პრეზიდენტი ერდოღანი, მაკრონი, შოლცი (რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყნების ლიდერები), რომლებიც ეკონტაქტებიან პუტინს, მათთან გაჩნდება კითხვა, „ვის ელაპარაკებით? სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილს?“. ისინი შესაძლოა, კვლავ ჩამოვიდნენ, მაგრამ საზოგადოებრივ აზრთან შეექმნებათ დამატებითი პრობლემები და ეს ცხადია, ამ ორდერის შედეგია. გარდა ამისა, ომის შეწყვეტაზე შესაძლო მოლაპარაკება ადრე თუ გვიან დადგება დღის წესრიგში და თუ იმ მომენტისთვის ვლადიმირ პუტინი იქნება სახელმწიფოს მეთაური, გაჩნდება შეკითხვა, სამხედრო დანაშაულთან ეჭვმიტანილთან როგორ უნდა ისაუბრონ დანარჩენებმა?“.

პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარდგომის შიში, გადაიდგა რა პირველი კონკრეტული ნაბიჯი, შესაძლოა, ბიძგი აღმოჩნდეს ვლადიმირ პუტინის გარშემო მოკალათებულ პოლიტიკურ ელიტისთვის, იზრუნონ შიდა პოლიტიკურ ცვლილებებზე, თუმცა ბილანიშვილი ამ ეტაპზე მსგავს ნიშნებს ვერ ხედავს. მისი დაკვირვებით, მართალია, გადაწყვეტილება რუსულ პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტას მკაფიოდ აჩვენებს, რომ ვლადიმირ პუტინს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას საერთაშორისო არენაზე მომავალი აღარ აქვს, მაგრამ რამდენად უბიძგებს ეს მოცემულობა მათ გადამწყვეტი ნაბიჯებისკენ, ამ ეტაპზე რთულად სათქმელია, მით უფრო, რომ რეჟიმი კონტროლის მყარი მექანიზმებით ინარჩუნებს მონოლითობას და ბიზნეს და პოლიტიკური ელიტის კეთილდღეობის და უსაფრთხოების წყაროდ ჯერ კიდევ პუტინი რჩება, ხოლო ოპოზიცია ქვეყანაში დიდი ხანია, განადგურებულია. ამ მოცემულობაში ბილანიშვილი ერთადერთ გამოსავალს უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის გაგრძელებაში და უკრაინის კონტრშეტევის წარმატებაში ხედავს: „ვფიქრობ, ბახმუტის [გასული წლის ზაფხულიდან უშედეგოდ ცდილობენ რუსული ჯარები მის აღებას – რედ.] ოპერაციის ჩავარდნაც ძალიან დიდი პრობლემა იყო რუსეთისთვის, მაგრამ თუ უკრაინის კონტრშეტევა, რომელსაც ყველანი ველით, წარმატებით განვითარდა, ვფიქრობ, ეს სერიოზულ ბზარებს გააჩენს რუსულ ელიტაში“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები