ბილანიშვილი: „მგონია, რომ ვითარება ჩვენთან უფრო რთულია, ვიდრე მოლდოვაში“

20-03-2023 18:39:29 ინტერვიუ

მოლდოვაში პრორუსული ჯგუფების გააქტიურების ფონზე, ქვეყნის ხელისუფლებამ არაერთგზის განაცხადა რუსეთის გეგმის შესახებ, დაამხოს დემოკრატიული გზით არჩეული პროდასავლური ხელისუფლება, მსგავს შეშფოთებას იზიარებენ დასავლეტში, მათ შორის, აშშ–შიც, ხოლო გასულ კვირას განხილვის საგანი იყო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) დოკუმენტები, რომლებიც მედიის კონსორციუმს ჩაუვარდა ხელში. ხსენებულ საიდუმლო გეგმაში ასახულია მოლდოვის დესტაბილიზაციის დეტალური ვარიანტები, მათ შორის – პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერა, მართლმადიდებლური ეკლესიის გამოყენება და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მუქარა, - იუწყებაოდა CNN.

CNN-ის ცნობით, გამოცემას ნანახი აქვს დოკუმენტის, რომლის სახლეწოდებაცაა „რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზნები მოლდოვის რესპუბლიკაში“ სრული ვერსია, რომელიც, როგორც ჩანს, 2021 წელს რუსეთის უშიშროების სამსახურის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის დირექტორიატის მიერაა დაწერილი.

"დოკუმენტი ადგენს მოლდოვის რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევის 10- წლიან სტატეგიულ გეგმას. მათ შორის, მოლდოვის დამოკიდებულებას რუსული გაზის იმპორტზე, სოციალური კონფლიქტის გაღვივებას. ასევე მოლდოვის ძალისხმევის დაბლოკვას, პრორუსულულად განწყობილ სეპარატისტულ რეგიონში დნესტრისპირეთში, გავლენის მოპოვებელად. დოკუმენტში ასახულია მოკლე და გრძელვადიან მიზნები. მოკლევადიან გეგმად დასახელებულია მოლდოვაში იმ პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერის გაძლიერება, რომლებიც რუსეთთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს ემხრობიან. ამასთან იმ ძალების განეიტრალება, ვინც დნესტრისპირეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაუქმებას ემხრობა. საშუალოვადიან მიზნებს შორისაა მოლდოვასა და ნატოს შორის თანამშრომლობისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ФСБ–ს დოკუმენტი გრძელვადიან მიზნებს, შორის „მოლდოვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებში სტაბილური პრორუსული გავლენის ჯგუფების შექმნას“ და „ნატო–ს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მოიცავს.

ინფორმაციისთვის: მოლდოვის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ 2020 წლის ბოლოს კრემლთან დაახლოებული პრეზიდენტი იგორ დოდონი შეცვალა. მომდევნო წელს კი ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლურმა პარტიამ გაიმარჯვა.

ცხადია, ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ მოლდოვას არ ეხება იმ ფონზე, რომ მოსკოვში არასდროს დაუმალავთ ზრახვები, საბჭოთა კავშირის ახალი ვერსიის შექმნის თაობაზე. ღიად მოითხოვა კიდეც ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრამდე დასავლეთისგან პოსტ საბჭოთა ქვეყნების (აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი ქვეყნების გამოკლებით) მისი გავლენის სფეროდ აღიარება, შესაბამისად, რისკები საქართველოსთვის არ მოხსნილა. მაინც რა სახის მცდელობები აქვს რუსეთს? – ამ საკითხების ირგვლივ „აქცენტი“ საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარს გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა.

– ბატონო გიორგი, არ გვაქვს ილუზია, რომ საქართველოს საკითხი რუსეთისთვის დღის წესრიგიდან მოხსნილია. ამ შემთხვევაში არ გვაქვს კონკრეტული დოკუმენტი, რომელზეც ვიმსჯელებთ, მაგრამ თუ გავავლებთ პარალელს მოლდოვასთან, რისი თქმა შეგვიძლია ამ ეტაპზე, საქართველოს შემთხვევაში რა გამოუვიდათ უკეთ და რა მაგალითად, მოლდოვაში? ალბათ, გიფიქრიათ ამ თემაზე...

– საზოგადოების დეზორიენტირება – ჩვენი დასავლეთთან ასოცირების კონსენსუსი, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში, ამის მორღვევა გამოსდიოდათ უმეტესად. მოლდოვას შემთხვევაში რა გამოსდით, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ, რადგან იქ მოქმედებენ ღიად პრორუსული ძალების მეშვებით, ხოლო საქართველოში როგორც ხელისუფლების, ისე შენიღბული და ღიად პრორუსული ძალების ხელით. რა თქმა უნდა, მოლდოვა ფრონტთან უფრო ახლოსაა, მაგრამ მგონია, რომ ჩვენთან ვითარება უფრო რთულია, ყოველ შემთხვევაში, ბოლო დრომდე უფრო რთული იყო: თუ მოლდოვას შევადარებთ, ჩვენთან უფრო მეტად მოიკიდა რუსულმა პროპაგანდამ და პრორუსულმა განწყობებმა ფეხი. ცხადია, ბოლო დინამიკა მაქვს მხედველობაში, თორემ მოლდოვაში პრორუსული განწყობები ყოველთვის არსებობდა, პრორუსი პოლიტიკოსები არჩევნებშიც კი იმარჯვებდნენ ხოლმე. სხვათა შორის, არა მხოლოდ შიდა პოლიტიკის მაგალითზე ჩანს, რომ მოლდოვა ჩვენზე უკეთეს ვითარებაშია, არამედ საგარეო პოლიტიკისაც: ჩვენგან განსხვავებით, მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები, იგივე ბაიდენი [აშშ–ის პრეზიდენტი] და სხვები, ქვეყანას ღია მხარდაჭერას უცხადებდნენ ყველაზე კრიტიკულ მომენტში. ჩვენ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მოლდოვას ნატოს წევრი რუმინეთი ჰყავს მეზობლად, რომელიც მისი ლობისტია. ჩვენ არ გვყავს ასეთი მხარდამჭერი, ხოლო ვინც გვყავდა, მათთანაც გავიფუჭეთ ურთიერთობები!

– საქართველოში მინიმუმ ორ თაობა გაიზარდა მოცემულობაში, რომელშიც ქვეყანა ორიენტირებული იყო დასავლეთზე, ხოლო რუსეთს ერქვა ოკუპანტი, შესაბამისად, მტერი. ხოლო მოლდოვაში მუდმივად ჭრელი საზოგადოება იყო – ორიოდ წლის წინ ჰყავდათ პრეზიდენტად მკვეთრად პრორუსი პოლიტიკოსი. და დეზორიენტირების შემოტანა როგორ მოხერხდა?

– ამ დინამიკას მე გამოკვეთილად ვხედავ 2016 წლიდან, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდა ღიად პრორუსული პოლიტიკური ძალა „პატრიოტთა ალიანსი“. მაშინ გვითხრეს, რომ მან 5% მიიღო. ბარიერი გახლდათ 5% და გადალახა თუ არა, ღმერთმა უწყის, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილება იყო ღიად პრორუსული ძალის პარლამენტში მოხვედრა. ამას მოჰყვა პოლიტიკურ სივრცეში ღიად პრორუსული განცხადებების გაკეთება და ქმედებები – „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან ვიზიტები რუსეთში. გაჩნდნენ ღიად პრორუსული პარტიები და ორგანიზაციები და რაც მთავარია, როგორც კი რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, განსაკუთრებით გაძლიერდა პრორუსული პროპაგანდა. ამ პროცესში ღიად ჩაერთო სახელისუფლებო პარტია და შემდგომში კიდევ უფრო გააძლიერა იმით, რომ გამოყო ჯგუფი, რომელიც დასავლეთისთვის ყველა ნეგატიური იარლიყის მიმწებებელი გახდა – იმავესი, რასაც რუსეთის ფედერაციაში ცდილობენ. ცხადია, ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა საზოგადოების დეზორიენტირებას, კონსენსუსის მორყევას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში დასავლეთის მიმართ არსებობდა და პრორუსული განწყობების გაძლიერებას! ნაწილობრივ მოხერხდა ამ ამოცანის შესრულება! მეგონა, რომ კიდევ უფრო მძიმე ვითარება გვქონდა, მაგრამ მოვლენათა ბოლო განვითარებებმა აჩვენა, რომ ჩვენი საქმე არც ისე ცუდად ყოფილა, ვიდრე მაგალითად, მე მეგონა და არც ისე „კარგად“, როგორც ეს ხელისუფლებას ეგონა.

– ანუ არ გამოუვიდათ...

– საბედნიეროდ, არა. ჩვენს საზოგადოებაში მყარია კონსენსუსი, რომ ის თავს დასავლეთის ნაწილად მიიჩნევს. ამ თვალსაზრისით საინტერესო გამოკითხვა ჰქონდა CRRC –ს. გამოიკითხა როგორც ოპოზიციის, ისე „ქართული ოცნების“ ელექტორატი და აღმოჩნდა, რომ მიუხედავად პროპაგანდისა, „ქართული ოცნების“ ელექტორატი არა უკრაინას, რუსეთს ადანაშაულებს ომში; არა დასავლეთიდან, რუსეთიდან ელის საფრთხეს. ეს გამოკითხვა პირველი ნიშანი იყო, რომ პირადადაც რომ ვხვდებოდი პირდაპირი რუსული პროპაგანდის „კალკას“, ლაპარაკს ამავე ტერმინებით და მეგონა, რომ მძიმედ იყო საქმე, რეალობა განსხვავებული ყოფილა. ამას მოჰყვა ჩვენთან განვითარებული პოლიტიკური პროცესები, რომელმაც რწმენა კიდევ უფრო გაამყარა [7–8–9 მარტის მასშტაბური პროტესტი და მმართველი გუნდის იძულება, დაეხია უკან – რედ.].

რუსული გეგმა საერთოა და ცხადია, მასზე მუშაობა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამდე დაიწყო. ეს გეგმა მოიაზრებს რაღაც ტიპის ახალი გაერთიანების შექმნას პოსტ საბჭოთა სივრცეში, სადაც სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებს და კონფლიქტურ კერებს მოუყრის თავს. ამ გაერთიანებაში მოაზრებული იყო ბელარუსი, სომხეთი, ყარაბაღი, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი და როგორც ჩანს, მოლდოვა და საქართველოც. ამ მიზნით აქვთ სხვადასხვა მცდელობები, ჩვენთან – საზოგადოების დეზორიენტირება, რაც საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ.

– და მმართველი გუნდი ქვეყნის პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესვლის ფონზე იმედს რაზე ამყარებს?

– ვფიქრობ, შიდა პოლიტიკაში იმედს იმაზე ამყარებენ, რომ საკუთარ ოპონენტებზე უკეთესნი გამოჩნდებიან ხალხის თვალში და მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსების, ოპონენტების წინააღმდეგ დამუშავებული პროპაგანდის წყალობით, მათი რეიტინგი არ ჩამოიშლება და მომავალ არჩევნებს კარგ ფორმაში შეხვდებიან. ხოლო საგარეო პოლიტიკაში იმაზე, რომ უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, რაც იქნება არა მხოლოდ უკრაინის დამარცხება, დასავლეთის დასუსტებაც.

– მაგრამ საქართველო არაა თვითკმარი ქვეყანა, არსებობს დასავლეთის მათ შორის, ფინანსური დახმარებით. გარდა ამისა, იგივე სახელმწიფო ინსტიტუტებიც, თუ გავითვალისწინებთ სწავლებებს, ერთობლივ პროექტებს, საკანონმდებლო ბაზას და ა.შ. ფაქტობრივად, დასავლეთთანაა ინტეგრირებული...

– არ მგონია, რომ მსგავს დეტალებს უღრმავდებიან, მაგრამ თუკი განიხილავენ, ალბათ ფიქრობენ, რეგიონალური ძალები (რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი) მათი მზარდი ფინანსური შესაძლებლობებით ჩაანაცვლებენ იმ მატერიალურ დანაკარგს, რასაც დასავლეთთან ურთიერთობების გაწყვეტით მივიღებთ. თუმცა, ვიმეორებ, არ მგონია, რომ მსგავს დეტალებზე ფიქრობდნენ.

– აქ ხომ მხოლოდ მატერიალურ საკითხზე არაა საუბარი, ფაქტობრივად, მენტალობა უნდა შეიცვალოს...

– სწორედ ამას ცდილობენ რა ხანია. გვეუბნებიან, რომ „დასალეთმა დაგვღუპა“, რომ „ადრე ომში ჩაგვითრია, ახლაც გვითრევს“ და „რაც აქამდე დაგვემართა, მათი ბრალია“.

– ვერ გეტყვით, რა ხდება რეგიონებში, სიპებსა და ააიპებში, მრავლად რომ გვაქვს, მაგრამ სამინისტროებში აბსოლუტურად დომინირებს სწორი განწყობები და შეფასებები. არ ფიქრობენ ისე, როგორც ჩვენი მმართველი პოლიტიკური ელიტა. ვიზიარებ თქვენს ლოგიკას, „რას უშვრებიან მენტალობასო“, მაგრამ ეს ჩვენი ლოგიკაა და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ხელისუფლებაც ასევე ხელმძღვანელობს. მას განსხვავებული ლოგიკა აქვს და აქვს განზრახვა, ეს მენტალობა შეცვალოს. იცით, რუსეთი ყოველთვის ამტკიცებდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებშიც, რომ თითქოს დასავლური განწყობები ჩვენი საზოგადოების ხედვას კი არ ასახავს, არამედ გარკვეული პოლიტიკური დომინანტური ჯგუფის ხედვას, რომელმაც ეს თავს მოახვია საზოგადოებას. მგონია, რომ მმართველი გუნდიც ასევე ფიქრობს.

– ფიქრობთ, რომ მათ შორის საჯარო უწყებებში არსებულმა განწყობებმა უბიძგა მარტის მოვლენებისას ხელისუფლებას, ამ ეტაპზე უკან დაეხია?

– ის ბევრი რამისკენ უბიძგებს, მათ შორის იქითკენ, რომ საერთაშორისო ფორუმებზე ჩვენ სწორი პოზიცია გვიჭირავს; იქითკენაც, რომ მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების ყოვლად არასწორი ნაბიჯებისა, მაინც ვინარჩუნებთ დასავლეთთან ურთიერთობებს სხვადასხვა დონეზე, იქნება ეს თავდაცვის სამინისტრო თუ სხვა ინსტიტუტები. ყველაფერს ხომ არ ვართ ჩახსნილები?!

„არავის აინტერესებს ეს NGO–ს სექტორიო“, – ამაზე ჰქონდათ გათვლა, ხალხი კი ყველაფერს იმის წინააღმდეგ გამოვიდა, რასაც აქამდე აკეთებდა ხელისუფლება, რადგან რაღაც მომენტში მიხვდა, რომ მკვეთრი ნაბიჯი გადაიდგა კურსის ცვლილების მიმართულებით და ამან ხელისუფლებას მთლიანად საზოგადოების განწყობა აჩვენა.

– თუ ამოვალთ იქიდან, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი თავისი გეგმის შესაბამისად მოქმედებს თუმცა ხელისუფლების ხელით, ვერ ვიტყვით, ფურცელი გადაიშალა. მაშ სად უნდა ველოდოთ მორიგ დარტყმებს?

– ცხადია, ეს ტაქტიკური ნაბიჯი იყო. ვფიქრობ, თავისუფალი მედია არის კიდეც ხელისუფლების დარტყმის ობიექტი და აქაც ის მექანიზმებია გადმოტანილი, რაც რუსეთში: იქ ყველა მედიასაშუალებას პირდაპირ სახელმწიფო კი არ აკონტროლებს, არამედ მასთან დაახლოებული ოლიგარქების და კომპანიების მეშვეობით. ჩვენს შემთხვევაშიც იმავეს ვხედავთ „იმედთან“, „პოსტ ტვ“–სთან მიმართებით – ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნეს ან პოლიტიკური ჯგუფი იღებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას და შემდეგ წარმართავს ხელისუფლებისთვის სასარგებლო კამპანიას. აქ იყო ხელისუფლების გადასახედიდან შეცდომა დაშვებული, რომ მედიის თავისუფლება ვერ შეზღუდეს და ვერ მოარგეს იმ თარგს, რომელზეც პირობითად, მორგებულია „იმედი“ და „პოსტ ტვ“. ცხადია, რთულია, განსაზღვრო კონკრეტული სეგმენტი, რომელს შეუტევენ, მაგრამ მგონია, რომ მედია უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი ობიექტი, რადგან ის საზოგადოებასთან კომუნიკაციის, ინფორმირების თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აქ კი გამოსავალი საზოგადოების კონსოლიდაცია და მხარდაჭერაა. სხვა მექანიზმი ამ რეჟიმის პირობებში არ არსებობს. მაგალითად, რუსეთში რომ აჯარიმებდნენ და ხურავდნენ ორგანიზაციებს, ისინი იგებდნენ საქმეებს საერთაშორისო დონეზე, იგივე სტრასბურგში, მაგრამ გადიოდა დრო, წლები, ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციები ვეღარ აქტიურობდნენ, ხოლო ხელისუფლებას კონსოლიდირებული პოზიცია ჰქონდა. ამდენად, სხვა გამოსავალი არ არსებობს, თუ არა საზოგადოების ერთიანობა და კონსოლიდირებული მოქმედება!

ახალი ამბები

სხვა სიახლეები