გიორგი ჩალაძე იუსტიციის მინისტრს ტყუილში ადანაშაულებს
20/03/2023 15:27:08 პოლიტიკა
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ბრიფინგზე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ცნობას, რომ სამინისტროს არ მიუღია განცხადება, რომლითაც სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვდნენ.
ჩალაძემ წარადგინა დოკუმენტი და განაცხადა, რომ რატი ბრეგაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის "მოკლეფეხებიანი ტყუილი", რაც არ მტკიცდება მისივე უწყებისგან მიღებული დასტურით, რომლის თანახმად განცხადება იუსტიციის სამინისტროში არის რეგისტრირებული.

„ინფორმაცია, რაც მან [მინისტრმა] გააჟღერა, არის მოკლეფეხებიანი, სულ რაღაც ერთ საათიანი ტყუილი, რომელიც არ მტკიცდება მისივე უწყებისგან მიღებული დასტურით, რომ განცხადება რეგისტრირებული არის იუსტიციის სამინისტროში. ბატონო, რატი, მინდა მოგმართოთ თხოვნით და გაგაფრთხილოთ, რომ ნებისმიერი ცრუ ინფორმაცია ან არასწორი ინტერპრეტაცია ნებისმიერი საკითხისა, ზუსტად ასეთივე გამოხმაურებას პოვებს ჩვენგან, მაგრამ ეს არ არის ჩვენ მიზანი. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ძალიან მოკლე დროში მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილთან პრემიერ-მინისტრ, ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ დადებული პირობის შესრულება, რომელიც მან მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე დადო, შემდეგ კი თქვენი პირობა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან, რომელიც დემარშის შემდეგ იქნა დადებული, რომ დაუშვებდით პრეზიდენტ სააკაშვილთან სამედიცინო მისიას, ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომლის ინიციატორიც არის პოლონეთის მხარე".
მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი "არის "წითელი ხაზი" ყველასთვის ევროკავშირში":
"გასული დღეების განმავლობაში ვიმყოფებოდით ძალიან მაღალი დონის შეხვედრებზე და ყველგან ცალსახად, საჯაროდ გამოთქმული იყო, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი არის ის საკითხი, რასაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს. ამიტომ, მოგიწოდებთ, ყოველგვარი საჯარო, არასწორი ინტერპრეტაციების გარეშე, საქმით დავკავდეთ და არ დავიწყოთ ამ ფურცლებით „ხმალაობა“, რომლითაც სამწუხაროდ, თქვენი ინიციატივით ახლა მე მიწევს გამოვიდე და თქვენი არასწორად გავრცელებული ინფორმაცია, ტყუილი საჯაროდ ვამხილო. ძალიან გთხოვთ, ჩვენი ქვეყნის ბედით ასე, თვითნებურად ნუ ითამაშებთ“.
ინფორმაციისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს განაცხადა, რომ 13:00 საათის მდგომარეობით, არ ყოფილა არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რაიმე განცხადება, რომლითაც სთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმები ჩართულიყვნენ.


