რა საკითხებზე ამახვილებს ყურადებას სახდეპი საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში
20/03/2023 19:05:59 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის.
„სახალხო დამცველმა რამდენიმე განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდა ხელისუფლებას შეესრულებინათ ექიმთა ჯგუფის რეკომენდაციები, რომელთაც სააკაშვილი 2021 წელს გამოიკვლიეს. 11 მარტს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით, პატიმრისთვის დროული და ყოველმხრივი, ადეკვატური მკურნალობის მიუწოდებლობა, ზუსტი დიაგნოზის განუსაზღვრელობა და სათანადო სამედიცინო მომსახურების გაუწევლობა შესაძლოა გაუთანაბრდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას”,
4 მაისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ „პაციენტის მდგომარეობა მიჩნეულია მნიშვნელოვნად გაუარესებულად და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა გადამწყვეტია “.
6 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ სამედიცინო ექსპერტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა სააკაშვილი კვლავ გასინჯა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესებულად” შეაფასა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად აპრილის ბოლოს გასინჯეს და მისი მდგომარეობა „მძიმედ“ მიიჩნიეს”, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში დაბრუნებამდე სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის იყო ბრალდება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური თავდასხმის შეკვეთის გამო.
გარდა ამისა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრები ჰყავს.
„ოპოზიციური პარტიის წევრები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდნენ”, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე საუბარია, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს ნება დართო, ეწვიონ იმ პირებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პოლიტპატიმრები არიან.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მსგავსი ნებართვით რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ისარგებლა.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ზომები მიიღო ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი ოფიციალური პირის გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, მთავრობის წარუმატებლობამ, სარწმუნო გამოძიება ჩაეტარებინა და სამართლებრივი დევნა განეხორციელებინა 2021 წლის ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ, ამ სამართალდარღვევების დაუსჯელობა გამოიწვია.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ანგარიშვალდებულების ნაკლებობა აგრეთვე გაგრძელდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენებისა და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და გადმოცემის საქმეებზე.
ანგარიიშში ასევე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და საერთაშორისო ჯგუფებმა, მათ შორის Amnesty International-მა და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ), გააკრიტიკეს 16 მაისის გადაწყვეტილება, რა დროსაც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯეს.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გვარამიას საქმე სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკურ დევნად შეაფასეს.
“სახალხო დამცველის აპარატმა, ადგილობრივმა სამოქალაქო და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მკაცრად გააკრიტიკეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანიის დირექტორს ნიკა გვარამიას სამწელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ფინანსური ინტერესების დაზიანებისთვის, როდესაც ის მას ხელმძღვანელობდა”, - აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი.
ამასთან, როგორც ანგარიშში წერია, არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-ის თანახმად, გვარამიას გასამართლებამ „რიგ საქმეებში სასამართლოებზე ხელისუფლების მზარდი გავლენა გამოავლინა, რაც ხელისუფლების კრიტიკოსებისა და ოპონენტების გაჩუმებას ისახავს მიზნად”.
გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითეს გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის თაობაზე, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კომერციულ დირექტორთან მეგობრობა აკავშირებს.


