პრემიერი: "ჩვენი მთავრობა კარგად აცნობიერებს ჟურნალისტების პროფესიის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას"
21/03/2023 07:25:23 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.
„ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, მედიასაშუალებების ყველა თანამშრომელს. საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული თქვენი საქმიანობა საკვანძოა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული მომავლის მშენებლობისათვის. თქვენ არა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირების თავისთავად უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებით, არამედ განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის განვითარებაში, დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრებაში. ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი კარგად აცნობიერებს თქვენი პროფესიის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. ამის დასტურია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმები, რომელთა შედეგადაც არსებითად გაუმჯობესდა მედიის პლურალიზმი და გაიზარდა თავისუფლების ხარისხი. მადლობას გიხდით თქვენი შრომისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
ცნობისთვის: "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებას (შემოსავლის 20% პროცენტზე მეტს) იღებდნენ, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირებულიყო.
დოკუმენტი მოიწონა მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამაც" და ხალხმრავალი პროტესტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მოწოდებების მიუხედავად, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის პირველი მოსმენის მიღების დღეს ათასობით ადამიანი პარლამენტთან შეიკრიბა. პროტესტის ფონზე, ორ დღეში, 9 მარტს მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ განაცხადა. 10 მარტს მეორე მოსმენაზე კანონპროექტი ჩავარდა. ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ინიცირება დროში დაემთხვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს. ევროკავშირის ქვეყნების ელჩები აღნიშნულ კანონპროექტს ამ პროცესის შემაფერხებლად აფასებდნენ.


