ირაკლი ღარიბაშვილი: "დღეს მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე, ეს შეფასება გადაჭარბებული არ არის, ეს არ არის სპეკულაცია"
21/03/2023 07:57:09 პოლიტიკა
"დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ ამის თაობაზე გუნდის წევრებმა განმარტება და განცხადებები გააკეთეს.
„მთავარი მინდა გითხრათ, დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება გადაჭარბებული არ არის, ეს არ არის სპეკულაცია. ჩვენ ვუყურებთ დღითი დღე უფრო მეტ კონფრონტაციას, მეტ დაძაბულობას და მეტ ესკალაციას. ამ პირობებში, ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატა დაეყრდნო პროკურორის 2023 წლის 22 თებერვლის მიმართვას, რომ არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ ორივე ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულში.
რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გამართლებულია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ვალადიმერ პუტინმა „აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დაწერა, რომ ეს არის „ისტორიული გადაწყვეტილება“.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ICC-ის გადაწყვეტილებას "აღმაშფოთებელი და მიუღებელი" უწოდა.
თავად ვლადიმირ პუტინს მისი დაპატიმრების შესახებ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.


