Accentnews.ge
კობახიძე – შეურაცხმყოფელი "პოსტებით" გამორჩეული დეპუტატის შესახებ: "აბსოლუტურად მესმის"

კობახიძე – შეურაცხმყოფელი "პოსტებით" გამორჩეული დეპუტატის შესახებ: "აბსოლუტურად მესმის"

21/03/2023 10:06:52 პოლიტიკა

საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "აბსოლუტურად ესმის" "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატის დიმიტრი სამხარაძის, რომელიც პერიოდულად შეურაცხმყოფელ "პოსტებს" აქვეყნებს.

კობახიძე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ "სქრინს", რომლის თანახმად, სამხარაძე ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს მოქალაქეს.

„მე რამდენადაც ვიცი, სამხარაძემ უარყო ასეთი მუქარა. რაც შეეხება ზოგადად მუქარას და ბულინგს, შეგახსენებთ, რომ ლიბერალურ - ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებს საქართველოში, არის ინიცირებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ დიმიტრი სამხარაძემ წარსულში აქციის მონაწილეებსაც მიაყენა შეურაცხყოფა, კობახიძე ამბობს, რომ სამხარაძის ესმის.

"დიტო სამხარაძეს აქვს თავის დამოკიდებულება "ნაცმოძრაობის" მიმართ, რასაც აქვს თავის საფუძველი, მიზეზი და ეს საფუძველი და მიზეზი მე აბსოლუტურად მესმის. საუბარია ისეთ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც გამოირჩეოდა წამებით, ბიზნესის რეკეტით, ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც რუსეთს ჩააბარა ტერიტორიების 20 პროცენტი, შეიჭრა "იმედში", მთლიანად მედიასივრცის მონოპოლიზება შეძლო თავის დროზე", განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: შეურაცხმყოფელი "პოსტებით" გამორჩეულ დეპუტატს ამჯერად AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი (რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს) ადანაშაულებს მუქარში.

სულაშვილი აქვეყნებს "ფეისბუქის" სქრინს, რომელშიც, მისი თქმით, სამხარაძე მას ემუქრება:

„მუქარა და შანტაჟია. პიროვნულად ამას არასოდეს შევხებივარ. საჯაროდ ვაცხადებ, ფიზიკური ანგარიშსწორების არასოდეს მეშინია. მაგრამ ქოცების ბინძური კამპანიით თუ ფიქრობს, თავს მომაკვლევინებს, მაგის იმედი ტყუილად გაქვთ. მაგარი ნერვების პატრონი ვარ. წავიდა ის დრო, ხალხი თქვენს შავ პიარს რომ უჯერებდა“, – წერს სულაშვილი.

ამასთან, მისი თქმით, "აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება საფრანგეთში დაიწყება":

"არაერთხელ გამივრცელეს უბინძურესი ჭორები. ამიმხედრეს ევროპაში მყოფი კრიმინალები.მიზეზი მარტივია. მათ შესანიშნავად იციან, რომ წვდომა მაქვს უამრავ ინფორმაციაზე.ამჯერად მე არ მივმართავ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს პირადი უფლებების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რადგან ეს მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება. ამიტომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება საფრანგეთში დაიწყება".

თავად დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე გამოეხმაურა ამ ინფორმაციას და თქვა, რომ კონკრეტული პირის შეურაცხყოფისა და მუქარის შემცველ მიმოწერასთან კავშირი არ აქვს და სოციალურ ქსელში მისი სახელით ყალბი ანგარიშია შექმნილი.

„გავატარებდი ამ სიგიჟეს, მაგრამ, „ნაცების“ შავი წარსული რომ ვიცი და მათი უფრო ბნელი მომავალი, პრევენციის მიზნით დავაფიქსირებ! ნეკროლოგი მერაბიშვილი გყავთ ლიდერად, აქციაზეც არასრულწლოვნების სისხლი გინდოდათ! ახლა ახალი მოიფიქრეთ? „ნაცებო“, ფაშისტო ლიბერალებო, ესენი ჩვენი სახელით დაგემუქრებიან, შეიძლება მუქარაც აღასრულონ ჩვენ რომ დაგვბრალდეს, ჰოდა ფრთხილად იყავით! ჩვენ არც მსგავსი რამის გამფიქრებლები ვართ, არც ასე ადვილად დავიბრალებთ და დაზარალებულები თქვენ დარჩებით, მითუმეტეს ისინი, რომლებსაც ასეთი ბინძური „ფეიკებისთვის“ გამოგიყენებენ!“, - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

  • მიმდინარე წლის 15 თებერვალს მსგავს საქმეზე მოქალაქე გაასამართლეს. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის დამნაშავედ სცნო და 2000 ლარით დააჯარიმა მოქალაქე ქეთა გაბიანი. კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის შესახებ „ფეისბუქში" გამოქვეყნებული "პოსტის" გამო მის საქმეზე გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობდა.

სასამართლოს განაჩენის შესახებ ცნობა თეა წულუკიანმა "ფეისბუქში" პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

„ეს გახლავთ შარშან, თებერვალში მიღებული მკვლელობის მუქარა, რომელიც ავტორმა მოგვიანებით წაშალა. მოცემული არსება, ვინმე ქეთევან გაბიანი (აწ უკვე ხაბიანი), რომელიც სასამართლო დარბაზში ვნახე პირველად, დღეს გამოცხადებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად: ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის [მუქარის] პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა - ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისათვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი. ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია!", წერდა წულუკიანი და მის შესახებ გაბიანის "პოსტს" აქვეყნებდა:

„ფეისბუქში" გაბიანის პირად გვერდზე აღნიშნული "პოსტი" ამჟამად არ იძებნება. როგორც მან განმარტა, გამოხატვის ეს ფორმა მისთვის მიუღებელი იყო და ამიტომ პოსტი წაშალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S