Accentnews.ge
"პაპუაშვილის განცხადების ყველა ახალგაზრდაზე განზოგადება არის ძალიან ცუდი ტყუილი და ბოროტება, სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ ჩაერთო იმ „ნაცურ“ კამპანიაში"

"პაპუაშვილის განცხადების ყველა ახალგაზრდაზე განზოგადება არის ძალიან ცუდი ტყუილი და ბოროტება, სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ ჩაერთო იმ „ნაცურ“ კამპანიაში"

21/03/2023 11:11:20 პოლიტიკა

"პაპუაშვილის განცხადების ყველა ახალგაზრდაზე განზოგადება არის ძალიან ცუდი ტყუილი და ბოროტება, სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ ჩაერთო იმ „ნაცურ“ კამპანიაში", - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობოდა, როდესაც 1000-ლარიან ახალგაზრდებზე საუბრობდა.

„გეტყვით, რეალურად რა ხდება: პირობით პროცენტს ვიტყვი, ჩემი წარმოდგენით, იქ იყო მინიმუმ 90%-ზე მეტი, ვინც გულწრფელად აპროტესტებდა რაღაცას. მაგრამ ასევე იყო გარკვეული ჯგუფი, რომელიც დატრენინგებული იყო საიმისოდ, რომ პირდაპირი გაგებით, ბრძოლა გაეჩაღებინათ. მათ შორის, მათი გაბრაზებული შემკვეთები და ლიდერები, უკვე ანგარიშზე ურიცხავენ თანხას და უკვე დადასტურებულია. მე ეჭვი არ მეპარება მაგალითად, რომ იმ კონკრეტულ თარიღში, იმ კონკრეტულ დღეს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერისგან გადაერიცხა 1000 ლარი - სწორედ ამაზე საუბრობდა შალვა პაპუაშვილი. თუ ეს ასე არ არის, იმ ახალგაზრდას შეუძლია გამოაქვეყნოს იმ დღის ამონაწერი, რა პერსონალურ ისეთ საიდუმლოს შეიცავს რომ ვერ აქვეყნებს?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული მეორე ინფორმაციის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და პოლიტსაბჭოს წევრი, აქტივისტების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა „1000 ლარი თუ არ გადაურიცხე, არ ინძრევიან ადგილიდანო“.

მდინარაძის თქმით, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ორ კონკრეტულ შემთხვევაზე საუბრობს, მავნებლობა და ბოროტებაა მის მიერ გაკეთებული განცხადების განზოგადება.

„ორ ქეისზე ლაპარაკობს ადამიანი და განზოგადებას აკეთებთ. იქ იყვნენ გულწრფელი ადამიანები და იყვნენ ადამიანები, სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, კონკრეტულ ანაზღაურებას იღებდნენ ამაში. თუ ასე არ იყო, კონკრეტული თარიღის ამონაწერი გაასაჯაროოს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მანამდე, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში აღნიშნა, რომ „ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას" რომ ცდილობენ, სწორედ ის ჯგუფი ესროდა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს:

  • "ვნახეთ, ასევე 1000-ლარიანი ახალგაზრდები. მათი ამა თუ იმ ლექტორთან შეშვება ხდება აუდიტორიაში. ვნახეთ ფაქტი, რომ ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობა იყო. ეს იყო ადამიანი, რომელიც არც თსუ-ის სტუდენტია და სადაც სტუდენტი იყო, იქაც შეჩერებული აქვს სტატუსი. პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. ოპოზიცია ცდილობს, ამ გარემოში გვამყოფოს და სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს".

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ გამოეხმაურა 7-9 მარტის საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ თანამდებობა არავის ანიჭებს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას:

  • „სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება. შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს. ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S