Accentnews.ge
პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი განხილვისთვის მეორე მოსმენაზე დააბრუნა

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი განხილვისთვის მეორე მოსმენაზე დააბრუნა

21/03/2023 14:29:55 პოლიტიკა

პარლამენტმა ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მეორე მოსმენაზე განხილვისთვის დააბრუნა.

როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ამის მოტივად დასახელებულია ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც დეოლიგარქიზაციის საკითხების შემდგომ დაზუსტებას უკავშირდება.

„ჩვენი ამოცანაა ამ დასკვნასთან, რეკომენდაციებთან დაკავშირებით განვაგრძოთ საკომიტეტო სხდომაზე მსჯელობა, დავაზუსტოთ კანონპროექტთან დაკავშირებით ის საკითხები, რომლებიც ვენეციის კომისიის შეფასებით საჭიროებს შემდგომ დაზუსტებას და გამართვას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღარ განვიხილოთ მესამე მოსმენით და სწორედ გასწორებული ვერსია წარმოვადგინოთ შემდეგ პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო.

14 მარტს "ვენეციის კომისიამ" დელოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედურ მოსაზრება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "კანონპროექტი მთავრობას ჭარბ გავლენას ანიჭებს და ანგარიშსწორების შესაძლებლობას აძლევს, ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო და ასევე პერსონალური მიდგომის გათვალისწინებით, კანონპროექტის ამ სახით დამტკიცებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დასახული მიზნების შესრულების ნაცვლად“.

„კანონის თვითნებური გამოყენების რისკი უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რომ დამტკიცების შემთხვევაში მისი გამოყენება მოხდება ოპოზიციის წინააღმდეგ“, - ნათქვამია მოსაზრებაში, რომელშიც ასევე მითითებულია საფრთხეები - პერსონალური ინფორმაციის შენახვასა და მთავრობის მიერ შედგენილ რეესტრში ოლიგარქებად აღიარებული პირების სტიგმატიზებასთან დაკავშირებით.

ასევე ადამიანის უფლებებთან შეუსაბამობის რისკებზეა ლაპარაკი „ოლიგარქებად“ აღიარებული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო კამპანიებისა თუ მანიფესტაციების დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S