სამადაშვილი - თუ ხელისუფლება რეფორმებს არ გაატარებს, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს და მათ მოენატრებათ ის, რაც 7-8 მარტს ნახეს
22/03/2023 09:00:57 პოლიტიკა
"თუ სასწრაფოდ არ გაატარებს ხელისუფლება რეფორმებს, ვერანაირ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს ქვეყანა და მათ მოენატრებათ ის, რაც 7-8 მარტს ნახეს ქუჩებში",- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
სამადაშვილი მმართველ გუნდს ურჩევს, ყურადღებით წაიკითხონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან ერთად და დაიწყონ ამ რეკომენდაციების შესრულება.
„ქართული ოცნება“ თუ სასწრაფოდ არ დაიწყებს იმ რეფორმების გატარებას, რასაც ითხოვენ დასავლელი პარტნიორები, არ დაიწყებს სასამართლო კლანის დაშლას, არ დაანებებს თავს თავისუფალი მედიის დევნას, არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგალითად ისეთს, როგორიც არის გვარამიას გათავისუფლება, რაც აჩვენებს პარტნიორებს, რომ შეიძლება, ცდებოდა ეს ხელისუფლება, მაგრამ დღეს ცდილობს, სხვანაირად გააკეთოს რაღაც, ამას ყველაფერს თუ არ გააკეთებს „ქართული ოცნება“ არანაირ კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს ეს ქვეყანა და „ქართულ ოცნებას“ მოენატრება ის, რაც მათ ნახეს 7-8 მარტს თბილისის ქუჩებში, რადგან ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად ცხადი გახადა ყველასთვის, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპული და ყველას, ვინც გაბედავს რუსეთის დავალებით ევროპული მომავლის ქვეყნისთვის მოპარვას, ქართველი ხალხი უმკაცრესად მოსთხოვს პასუხს“, - განაცხადა სამადაშვილმა.


